აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ადა ადი

ადამიანის უფლებები

ინგლ. Human Rights

ადამიანისაგან, როგორც გონიერი არსებისაგან, განუსხვისებელი უფლებები, რომელთა აღიარება და დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ეპოქაში ან საზოგადოებაში ცხოვრობდა ან ცხოვრობს ადამიანი, ეს უფლებები არ იცვლება, ამიტომ სახელმწიფო მოვალეა აღმოაჩინოს და დაიცვას ისინი. ამდენად, ადამიანის უფლებები პოზიტიური სამართლის ანუ იმ ნორმათა ერთობლიობის მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, პირველად წყაროდ ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს მიერ თავისი კანონით ამ უფლებათა უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო, უზურპაციის აქტად ითვლება.

პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ აცხადებდნენ მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ. კაცობრიობის განვითარების პროცესში, სულ უფრო და უფრო იმარჯვებდა ბუნებითი სამართლის შეხედულებები, თუმცა გარკვეული ცვლილებებით - ყალიბდებოდა ე.წ. ცვალებადი შინაარსის ბუნებითი სამართლის კონცეფცია, რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებები არ შეიძლებოდა იმავე არსისა და მოცულობის ყოფილიყო მონათმფლობელობის, ფეოდალიზმის და კაპიტალიზმის ხანაში - ეს კატეგორიები იცვლება და ახალ შინაარსს იძენს კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩასახვასა და განვითარებასთან მჭიდრო კავშირში; ადამიანის უფლებები რჩება სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ინსტიტუტების პირველად წყაროდ, მაგრამ მათი მოცულობა ვარირებს ეპოქისა თუ კონკრეტული საზოგადოების განვითარების დონეთა მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა საერთაშორისოსამართლებრივ დოქტრინაშიც არსებობდა კონცეფცია ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ: მათ უკავშირებდნენ მსოფლიო და ცალკეული საზოგადოებრივი ფორმაციების საწარმოო ურთიერთობათა განვითარების დონეს და მიიჩნევდნენ ადამიანის არსებისგან ობიექტურად განუსხვავებელ კატეგორიად, რომლის იგნორირება სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს. ადამიანის უფლებათა პირველადი ხასიათის თეორიამ სახელმწიფო კანონმდებლობის პრაქტიკაში გამოძახილი ჰპოვა ჯერ კიდევ, ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (4. VIII. 1776), აშშ-ის კონსტიტუციაში (1787) და საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“ (1789), სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებები არის „ბუნებითი, განუსხვისებელი და წმიდათწმიდა“ კატეგორია. ფაქტობრივად, ამავე პრინციპს ეყრდნობა გაეროს წესდება, რომელიც პირველად იყენებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტში ისეთ ცნებებს, როგორიცაა „ადამიანის უფლებები, ადამიანის პიროვნების ღირსება და ღირებულებანი“.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა 1948 წელს, ადგენს ადამიანის უფლებათა ჩამონათვალს, რომელთაც პატივი უნდა სცენ და დაიცვან სახელმწიფოებმა. ეს განსაზღვრული უფლებები შეიძლება ექვს ჯგუფად დაიყოს: უსაფრთხოების უფლებები, რომლებიც იცავენ ადამიანებს ისეთი დანაშაულებისაგან, როგორიცაა: მკვლელობა, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება და გაუპატიურება; სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაპატიმრებაში, საიდუმლო სასამართლო პროცესებში და გადამეტებულ სასჯელებში; თავისუფლების უფლებები, რომლებიც იცავენ რწმენის, გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებისა და გადაადგილების თავისუფლებებს; პოლიტიკური უფლებები, რომლებიც იცავენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თავისუფლებას სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა გაერთიანება, პროტესტის გამოხატვა და არჩევნებში ხმის მიცემა; თანასწორობის უფლებები, რომლებიც იძლევიან თანასწორუფლებიანი მოქალაქეობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის უარყოფის გარანტიებს; და სოციალური (ან „კეთილდღეობის“) უფლებები, რომლებიც სხვა ბევრ საკითხთან ერთად მოითხოვენ ყველა ბავშვის განათლების მიღების უზრუნველყოფას და უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილისგან დაცვას. არსებობს აგრეთვე, კოლექტიური უფლებების ცნება. ისინი არ არის ასახული საყოველთაო დეკლარაციაში, თუმცა მათ მოიცავს შემდგომ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. კოლექტიური უფლებები მოიცავენ ეთნიკური ჯგუფების დაცვას გენოციდისაგან და სახელმწიფოების მიერ მათი ეროვნული ტერიტორიებისა და რესურსებზე საკუთრების უფლების დაცვას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9