ჯარი, ჯარისკაცები, მეომრები
- 3. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
- 74
- (ა) დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
- (ბ) ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
- (გ) პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,
- (დ) მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
- 75
- (ა) შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
- (ბ) მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
- (გ) ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
- (დ) ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
- 76
- (ა) უბრძანა: მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
- (ბ) მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
- (გ) ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!
- (დ) დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლგნით მინდორთა კიდითა.
- 77
- (ა) მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი:
- (ბ) ირემი, თხა და კანჯარი ქურციკი მაღლად მხლტომელი.
- (გ) მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
- (დ) აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშვრომელი!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 78
- (ა) ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს,
- (ბ) მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
- (გ) რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.
- (დ) მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წადგმიდეს.
- 79
- (ა) იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
- (ბ) დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
- (გ) ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
- (დ) ავთანდილის შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 80
- (ა) იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,
- (ბ) მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
- (გ) ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
- (დ) იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
- 81
- (ა) ერთმანერთსა, თუ: „მე გჯობო“, სიცილით ეუბნებოდეს,
- (ბ) ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
- (გ) მერმე მოვიდეს მონანი, რომე უკანა ჰყვებოდეს,
- (დ) უბრძანა: „თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს“.
- 82
- (ა) მონათა ჰკადრეს: „მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
- (ბ) მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით,
- (გ) აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
- (დ) ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 83
- (ა) ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,
- (ბ) მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
- (გ) არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,
- (დ) თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 84
- (ა) მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,
- (ბ) უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
- (გ) აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
- (დ) სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.
- 85
- (ა) იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
- (ბ) ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
- (გ) ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
- (გ) თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.
- თავი მეორე თავი მეოთხე