სასიამოვნოდ, საამოდ, მშვიდად, ტკბილად, ნელა
2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- 33
- (ა) იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
- (ბ) მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
- (გ) მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
- (დ) თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
- 34
- (ა) სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
- (ბ) სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
- (გ) მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
- (დ) ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.
- 35
- (ა) მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია!
- (ბ) რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
- (გ) მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
- (დ) გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.
- 36
- (ა) უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
- (ბ) რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
- (გ) იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
- (დ) მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთენაროსა.
- 37
- (ა) მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
- (ბ) დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
- (გ) რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!
- (დ) ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“
- 38
- (ა) ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
- (ბ) ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა,
- (გ) მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
- (დ) მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!
- 39
- (ა) „მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
- (ბ) თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
- (გ) ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:
- (დ) სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.
- 40
- (ა) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
- (ბ) არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
- (გ) შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
- (დ) ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
- 41
- (ა) ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,
- (ბ) საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,
- (გ) ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;
- (დ) მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.
- 42
- (ა) გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
- (ბ) რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
- (გ) ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.
- (დ) საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
- 43
- (ა) რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
- (ბ) ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
- (გ) თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
- (დ) ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა“.
- 44
- (ა) არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
- (ბ) „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან,
- (გ) მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.
- (გ) მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან!“
- 45
- (ა) მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა:
- (ბ) ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
- (გ) ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
- (დ) მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: „ურქმელია ფასისა!“
- 46
- (ა) თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
- (ბ) დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
- (გ) მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
- (დ) ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.
- 47
- (ა) უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
- (ბ) დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
- (გ) ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
- (დ) ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ყრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
- 48
- (ა) მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,
- (ბ) ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
- (გ) მეფე სწვრთის: „მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,
- (დ) ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა“.
- 49
- (ა) უბრძანა: „ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
- (ბ) დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
- (გ) აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
- (დ) ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი“.
- 50
- (ა) ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
- (ბ) დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!
- (გ) უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
- (დ) უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 51
- (ა) „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
- (ბ) უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
- (გ) სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
- (დ) რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!“
- 52
- (ა) ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
- (ბ) ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
- (გ) მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
- (დ) თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
- 53
- (ა) მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,
- (ბ) უბრძანა: „ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,
- (გ) მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი“.
- (დ) მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.
- 54
- (ა) მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
- (ბ) რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
- (გ) მერმე ბრძანა: „ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
- (დ) ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა“.
- 55
- (ა) უბრძანა: „წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!
- (ბ) ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!“
- (გ) მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.
- (დ) ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.
- 56
- (ა) ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
- (ბ) მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
- (გ) რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
- (დ) არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.
- 57
- (ა) დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
- (ბ) ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
- (გ) მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
- (დ) „ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?“ - შექმნეს ამისი ცილობა.
- 58
- (ა) თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
- (ბ) სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;
- (გ) ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.
- (დ) თქვეს, თუ: „რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?“
- 59
- (ა) თქვეს, თუ: „მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,
- (ბ) თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა“.
- (გ) ავთანდილ თქვა: „სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
- (დ) ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?“
- 60
- (ა) ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
- (ბ) თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,
- (გ) წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.
- (დ) ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
- 61
- (ა) „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.
- (ბ) მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,
- (გ) ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;
- (დ) ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“
- 62
- (ა) რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა,
- (ბ) გაუკვირდა: „ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა“.
- (გ) „კარგი ჰქმენო“, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, -
- (დ) „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა“.
- 63
- (ა) ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
- (ბ) სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
- (გ) კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
- (გ) რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.
- 64
- (ა) ერთაი მივის ასული, ნაზარდი სათუთობითა;
- (ბ) ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -
- (გ) ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;
- (დ) ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა.“
- 65
- (ა) ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
- (ბ) თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,
- (გ) თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
- (დ) მეფე ჰკითხავს: „რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?“
- 66
- (ა) კვლა უბრძანა: „თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?“
- (ბ) ყმამან ჰკადრა: „მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,
- (გ) რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
- (დ) არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო.“
- 67
- (ა) უბრძანა: „რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!“
- (ბ) ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა.
- (გ) ავთანდილ იტყვის: „დავიწყო კადრება საუბნარისა:
- (დ) ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 68
- (ა) „მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;
- (ბ) ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;
- (გ) მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.
- (დ) გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“
- 69
- (ა) მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად-რე,
- (ბ) სიცილით უთხრა ავთანდილს: „შვილად გზრდი, მით შე-ვე-მკადრე;
- (გ) იცი, არ გიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხე ზედად-რე.
- (დ) თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე.
- 70
- (ა) „მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.
- (ბ) ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა!
- (გ) კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
- (დ) მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!“
- 71
- (ა) ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,
- (ბ) იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
- (გ) ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
- (დ) „ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!“
- 72
- (ა) კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
- (ბ) თორმეტი ჩემდა ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, -
- (გ) ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, -
- (დ) ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად“.
- 73
- (ა) მონადირეთა უბრძანა: „მინდორნი მოიარენით,
- (ბ) დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით“.
- (გ) ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: „მოდით და მოიჯარენით".
- (დ) გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამოდ გავიხარენით.
- თავი პირველი თავი მესამე