1 2 3 4 5 6 7 8 9

ვა ვბ ვდ ვე ვზ ვთ ვი ვლ ვმ ვნ ვპ ვს ვტ ვუ ვქ ვყ ვშ ვჩ ვც ვძ ვწ ვჭ ვხ ვჯ ვჰ
ვია ვიბ ვიგ ვივ ვიზ ვით ვიკ ვილ ვიმ ვინ ვირ ვის ვიტ ვიუ ვიქ ვიყ ვიშ ვიც ვიწ ვიხ

ვინმცა ყოფილა

ვინ იქნებოდა
 
1. დასაწყისი

1

(ა) რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
(ბ) ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
(გ) ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
(დ) მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

2

(ა) ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
(ბ) შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
(გ) მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
(დ) ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

3

(ა) ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
(ბ) მეფისა მზის-თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
(გ) მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
(დ) მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

4

(ა) თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
(ბ) ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
(გ) მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
(დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
იხ. ტაეპის განმარტებანი

5

(ა) მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
(ბ) ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
(გ) ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
(დ) გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

6

(ა) აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
(ბ) ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
(გ) მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
(დ) მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

7

(ა) მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ-შეშრობილი;
(ბ) მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
(გ) დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
(დ) აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8

(ა) ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
(ბ) ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
(გ) ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
(დ) ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

9

(ა) მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი;
(ბ) ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
(გ) დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
(დ) ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

10

(ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
(ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
(გ) მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
(დ) სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11

(ა) რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს:
(ბ) მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
(გ) კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
(დ) არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი

12

(ა) შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
(ბ) საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
(გ) კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
(დ) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13

(ა) ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
(ბ) მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
(გ) მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
(დ) რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

14

(ა) მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
(ბ) რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
(გ) არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
(დ) ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15

(ა) მოშაირე არა ჰქვიან,თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
(ბ) თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
(გ) განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
(დ) მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.

16

(ა) მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
(ბ) არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
(გ) ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
(დ) დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17

(ა) მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
(ბ) სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
(გ) ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
(დ) მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18

(ა) ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
(ბ) ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
(გ) ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
(დ) მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
იხ. ტაეპის განმარტებანი

19

(ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
(ბ) ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
(გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
(დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20

(ა) ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
(ბ) ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
(გ) იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
(დ) ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21

(ა) მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
(ბ) ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
(გ) ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
(გ) მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბნდებიან.
იხ. ტაეპის განმარტებანი

22

(ა) მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
(ბ) მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
(გ) ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
(დ) კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

23

(ა) მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
(ბ) სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
(გ) ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
(გ) ვის ესე სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24

(ა) მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
(ბ) მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
(გ) იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
(დ) ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25

(ა) ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
(გ) რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
(გ) გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
(დ) მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.

26

(ა) მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
(ბ) ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს;
(გ) მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
(დ) ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

27

(ა) ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
(ბ) დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
(გ) ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
(დ) კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
იხ.ტაეპის განმარტებანი

28

(ა) არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
(ბ) თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
(ბ) შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
(დ) დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

29

(ა) ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
(ბ) არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
(გ) არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
(დ) მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

30

(ა) მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
(ბ) ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
(გ) რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
(დ) რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
იხ. ტაეპის განმარტებანი

31

(ა) მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
(ბ) ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
(გ) თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
(დ) ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
იხ. ტაეპის განმარტებანი

32

(ა) თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
(ბ) სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
(გ) იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
(დ) არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.

თავი მეორე
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9