დასაუნჯებელი, დასაგროვებელი
- 42. წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
- 1034
- (ა) ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა,
- (ბ) არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა,
- (გ) იტყვის: „მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!
- (დ) შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.
- 1035
- (ა) „რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს, გმირსა, სამს ალებისა?
- (ბ) რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?
- (გ) არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,
- (დ) შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1036
- (ა) ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,
- (ბ) წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,
- (გ) დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა,
- (დ) ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.
- 1037
- (ა) სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
- (ბ) ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი.
- (გ) ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი,
- (დ) მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, დაყმუნვებულნი.
- 1038
- (ა) მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა.
- (ბ) შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.
- (გ) ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,
- (დ) ჰკითხა, თუ: „ვინ ხართ, ვაჭარნო?“, მათ საუბარი ჰკიდესა.
- 1039
- (ა) უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.
- (ბ) მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.
- (გ) ჰკადრეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი,
- (დ) ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი“.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1040
- (ა) გარდახდა, ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,
- (ბ) მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი,
- (გ) ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,
- (დ) საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1041
- (ა) „ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,
- (ბ) ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;
- (გ) ვჰკითხეთ, თუ: „ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?“
- (დ) გვითხრა: „თუ შეხვალთ, დაგხოცენ, კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!“
- 1042.
- (ა) „თქვა: „ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,
- (ბ) ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,
- (გ) მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისისწვერითა;
- (დ) ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1043
- (ა) „ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,
- (ბ) დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;
- (გ) შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,
- (დ) ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა“.
- 1044
- (ა) ყმამან უთხრა: „ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების!
- (ბ) რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
- (გ) მე მივინდობ სისხლითა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების!
- (დ) ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების.“
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1045
- (ა) მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა,
- (ბ) თქვეს: „ყმა ვინმეა, ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდით-ა,
- (გ) აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა“.
- (დ) შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1046
- (ა) სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა,
- (ბ) მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.
- (გ) გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
- (დ) მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.
- 1047
- (ა) კიოდეს და მოვიდოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
- (ბ) შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;
- (გ) ყმამან უთხრა: „ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,
- (დ) ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
- 1048
- (ა) უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი,
- (ბ) განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;
- (გ) ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი.
- (დ) ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.
- 1049
- (ა) თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
- (ბ) შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
- (გ) მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
- (დ) მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.
- 1050
- (ა) ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
- (ბ) მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
- (გ) ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,
- (დ) ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
- 1051
- (ა) კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
- (ბ) აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
- (გ) ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თუ-რე კრთებოდა,
- (დ) კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.
- 1052
- (ა) ძელი მოტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი;
- (ბ) შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
- (გ) ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;
- (დ) არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
- 1053
- (ა) მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა,
- (ბ) ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა;
- (გ) ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
- (დ) დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
- 1054
- (ა) გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
- (ბ) ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!“
- (გ) არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
- (დ) მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.
- 1055
- (ა) კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
- (ბ) არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
- (გ) დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
- (დ) ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
- 1056
- (ა) მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,
- (ბ) ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.
- (გ) უსამ ნახა მხიარულმან, – გაეხარნეს, არ იახნა, –
- (დ) ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.
- 1057
- (ა) ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა ენდა!
- (ბ) ვერცა მათ თქვან, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;
- (გ) ქარავანმან იზრიალა, თქვეს: „უფალო, მადლი შენდა!
- (დ) მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა“.
- 1058
- (ა) მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა,
- (ბ) ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა,
- (გ) ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
- (დ) „შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა“.
- 1059
- (ა) ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
- (ბ) ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა!
- (გ) იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
- (დ) ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.
- 1060
- (ა) „ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი.
- (ბ) მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?
- (გ) აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
- (დ) ნავი სრულად საჭურჭლითა მიმიღია, ვითა ძღვენი“.
- 1061
- (ა) ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,
- (ბ) ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს,
- (გ) მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
- (დ) ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს
- 1062
- (ა) იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,
- (ბ) მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!
- (გ) მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;
- (დ) დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს
- 1063
- (ა) ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:
- (ბ) „შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა;
- (გ) რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,
- (დ) რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქმნია აქა ყრილობა.“
- 1064
- (ა) ყმამან შესთვალა: „ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,
- (ბ) ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია,
- (გ) მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია?
- (დ) რა გინდ რა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!
- 1065
- (ა) „მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,
- (ბ) ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;
- (გ) რას ვაქმნევ თქვენსა რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი;
- (დ) სხვაგან რამე მიც სხვა საქმე, თავისა წასაგებელი.
- 1066
- (ა) „აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,
- (ბ) რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,
- (გ) ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:
- (დ) საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.
- 1067
- (ა) „ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,
- (ბ) თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
- (გ) მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;
- (დ) თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”
- 1068
- (ა) ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;
- (ბ) მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: „ჩვენი იმედია,
- (გ) რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია,
- (დ) მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია“.
- 1069
- (ა) მუნით წავიდეს, იარეს, არ თუ-რე ხანსა ზმიდიან,
- (ბ) მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
- (გ) შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,
- (დ) მას მარგალიტსა, მის ყმისა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
- თავი ორმოცდამეერთე თავი ორმოცდამესამე