გაპირქუშდა, ავი გამომეტყველება მიიღო
- 26. ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
- 573
- (ა) „ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე;
- (ბ) რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე!
- (გ) მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე თვალი ვაგე,
- (დ) მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.
- 574
- (ა) „გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.
- (ბ) ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანმცა, თუ მოღმა ვინ არე:
- (გ) თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
- (დ) აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.
- 575
- (ა) „იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა;
- (ბ) შორით ვუხმე: „რაშიგან ვართ, ანუ ცრემლმან რად დაგვდაგნა?”
- (გ) მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
- (დ) მითხრა:„ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.
- 576
- (ა) „ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: „რაშიგან ვართ? თქვი მართალი!”
- (ბ) კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,
- (გ) დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,
- (დ) მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
- 577
- (ა) „მერმე მითხრა:„მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?
- (ბ) მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:
- (გ) ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,
- (დ) დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”
- 578
- (ა) „მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,
- (ბ) მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,
- (გ) შენ დაგიზახნა, „მიხმეთო”, ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
- (დ) მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.
- 579
- (ა) „ჰკადრეს:„აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან”.
- (ბ) მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან:
- (გ) მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,
- (დ) რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 580
- (ა) „აწ, თავმმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!
- (ბ) მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
- (გ) მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?
- (დ) თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა”.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 581
- (ა) „მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,
- (ბ) და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.
- (გ) ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
- (დ) მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
- 582
- (ა) „დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
- (ბ) თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”.
- (გ) მან აგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან!
- (დ) ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 583
- (ა) „პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;
- (ბ) შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.
- (გ) დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:
- (დ) „ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 584
- (ა) „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
- (ბ) ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე?
- (გ) არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
- (დ) აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!”
- 585
- (ა) „ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,
- (ბ) დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.
- (გ) მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
- (დ) ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
- 586
- (ა) „რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,
- (ბ) წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა,
- (გ) მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,
- (დ) მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
- 587
- (ა) „უბრძანა:„წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
- (ბ) წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია”;
- (გ) მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს „იპი-იპია”.
- (დ) ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 588
- (ა) „ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
- (ბ) დავარ თქვა:„მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-!
- (გ) ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”.
- (დ) დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.
- 589
- (ა) „რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!
- (ბ) აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
- (გ) ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!”
- (დ) საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 590
- (ა) „მე ვუთხარ:„დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
- (ბ) რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!
- (გ) აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია!”.
- (დ) სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 591
- (ა) „მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
- (ბ) გულსა ვუთხარ:„ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,
- (გ) გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.
- (დ) აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!”
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 592
- (ა) „შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;
- (ბ) ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,
- (გ) წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,
- (დ) ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.
- 593
- (ა) „ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, კიდით კიდე გავალაგდი,
- (ბ) არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
- (გ) მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,
- (დ) რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 594
- (ა) „რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,
- (ბ) მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
- (გ) თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,
- (დ) ვთქვი, თუ: „ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა”.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 595
- (ა) „ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,
- (ბ) გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
- (გ) ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
- (დ) კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 596
- (ა) „ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,
- (ბ) ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
- (გ) მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,
- (დ) ტირილი მიჩნდეს ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.
- თავი ოცდამეხუთე თავი ოცდამეშვიდე