გაუბედაობაში არ ჩავვარდი, არ დავდუნდი, ყოყმანი არ დამიწყია
- 25. ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა
- 554
- (ა) „მოვიდა კაცი, „სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა,
- (ბ) მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
- (გ) მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
- (დ) მიბრძანა, ახლოს მიმისვა, „მოდიო”, თავი დახარა.
- 555
- (ა) „მიბრძანა: „ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
- (ბ) გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია;
- (გ) კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
- (დ) უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 556
- (ა) „მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი,
- (ბ) სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
- (გ) შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი,
- (დ) მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 557
- (ა) „მეფემან ბრძანა: „მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
- (ბ) გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
- (გ) მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
- (დ) შენ აქა ნახე, კმარიან იქა ნახვისად ყმანია”.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 558
- (ა) „მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
- (ბ) მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა;
- (გ) შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
- (დ) დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
- 559
- (ა) „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა,
- (ბ) შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
- (გ) მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
- (დ) „ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”.
- 560
- (ა) „ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი;
- (ბ) ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: „ცრემლსა რასა ჰმილდი?”
- (გ) მითხრა: „შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი!
- (დ) გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?”
- 561
- (ა) შევედით, ვნახე ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
- (ბ) მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე;
- (გ) წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
- (დ) ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?”
- 562
- (ა) „მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი,
- (ბ) უკუვჰყივლე: „აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
- (გ) ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!”
- (დ) შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 563
- (ა) „ასსა ვუბრძანე მონასა: „საომრად დაემზადენით!”
- (ბ) შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
- (გ) კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით!
- (დ) უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლთა დადენით.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 564
- (ა) „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,
- (ბ) ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
- (გ) წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
- (დ) ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
- 565
- (ა) „ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი,
- (ბ) წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
- (გ) ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
- (დ) მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 566
- (ა) „კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
- (ბ) „აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!”.
- (გ) არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
- (დ) ჩემი რა ცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 567
- (ა) „ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად,
- (ბ) ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
- (გ) ებრძანა, თუ: „ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
- (დ) ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
- 568
- (ა) „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
- (ბ) თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
- (გ) მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
- (დ) დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 569
- (ა) „მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
- (ბ) თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
- (გ) მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.
- (დ) მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 570
- (ა) „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
- (ბ) ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია:
- (გ) ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
- (დ) სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 571
- (ა) „ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
- (ბ) ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია,
- (გ) ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
- (დ) სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- 572
- (ა) „შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
- (ბ) ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
- (გ) ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
- (დ) სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”
- იხ. ტაეპის განმარტებანი
- თავი ოცდამეოთხე თავი ოცდამეექვსე