The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი

გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი
Other name:გრიგოლ უმწიფარიძე (ფსევდონიმი)
Date of birth:24 January, 1860
Date of death:5 October, 1909  (at 49 years)
Burial location:ბათუმში (საფლავი დაკარგულია)
Category:Doctor

Biography

  დაიბადა ქუთაისში, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტის ოჯახში. დედით კეჟერაძე.  სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ 1887 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

  გრიგოლ ვოლსკის ოჯახი პოლონეთიდან საქართველოში, გურიაში გადმოასახლეს XIX  საუკუნის 30–იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ. იგი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები. ამ პერიოდში მისი თაოსნობით მოსკოვში შედგა ქართველთა სათვისტომო ორგანიზაცია, რომელმაც თავიდანვე თვალსაჩინო ადგილი დაიკავა მოსკოველ სტუდენტობას შორის. მშობლიურ მხარესთან განშორების ჟამს ახალგაზრდა პოეტი უფრო მეტი სიძლიერით გრძნობდა სამშობლოსადმი სიყვარულს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი "მგზავრის შენიშვნები", რომელიც ვოლსკის საქართველოსთან გამოთხოვებისას დაუწერია: "სიცილით და სიამოვნებით ვშორდები სამშობლო ჰაერს, ბუნებას ჩემზედ საზოგადოდ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ არასოდეს მოუხდენია ამას ისეთი ძლიერი, გულ–წარმტაცი შთაბეჭდილება, როგორც გამოთხოვებისას. ნეტავი თუ მოინახება ცის–ქვეშეთში მეორე მხარე ასე უხვად შემკობილი, როგორც ჩვენი დალოცვილი იმერეთი!".

  1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. მისი თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი — ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილებას; მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე. "ბედმა ბათუმში ჩამოაგდო რკინიგზაში მოსამსახურე ექიმი გრიგოლ ვოლსკი" – წერდა დავით კლდიაშვილი.

  ვოლსკი თავდაუზოგავად იბრძოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აჭარის განყოფილებას. მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე.

  ბათუმში მოღვაწეობის პერიოდში გრიგოლ ვოლსკი არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში იგი იყო რიგითი ხმოსანიც, ხაზინადარიც, გამგეობის წევრიც, ქალაქის თავის მოადგილეც. ვოლსკი მოხერხებულად იყენებდა ქალაქის თვითმმართველობის წევრის უფლებებს, რათა ხალხის სასიკეთოდ შეეცვალა სახე მაშინდელი ბათუმისთვის. მისი ინიციატივით გადაწყდა ქალაქის თვითმმართველობისთვის საკუთარი შენობის აგება.

  1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.  მეტად საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობაში.

  გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ვოლსკის სახელს ატარებს ქუჩა ბათუმში.

  გრიგოლ ვოლსკი იყო საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. ვოლსკის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. წერდა „გრ. უმწიფარიძის“ ფსევდონიმით. მისთვის პოეზია „ჩაგრულთა ფარია“ („ჩემო მუზავ!“, 1881). ვოლსკის ეკუთვნის პატრიოტული და ლირიკული ლექსები: „მეგობარს“, „სიზმარი“ (1882), „როს საუკუნოდ დავდუმდე“ (1893), ასევე პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად“ (1891, მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა), მოთხრობა „თორნიკეს დარდი“ (1888), ჩეხოვის, ანდერსენის ქართული თარგმანები, ილიას, შიო არაგვისპირელის, ეკატერინე გაბაშვილის რუსული თარგმანები და სხვ.

  2013 წელს ქალაქ ბათუმის საკრებულომ გორგილაძის ქ. N–25 მდებარე კორპუსის ეზოში, სადაც ადრე ეკლესია ყოფილა და სადაც სავარაუდოდ დაკრძალულია გრიგოლ ვოლსკი საინფორმაციო დაფა განათავსა

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, აჭარის განყოფილების წევრი (1888-)