The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
უცხოელი ქართველოლოგები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.

ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს.


აჰმედ მელაშვილი

აჰმედ მელაშვილი
ოფიციალური სახელი:ოზქანი მელაშვილი აჰმედ
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1922
გარდაცვ. თარიღი:5 ივლისი, 1980  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჰაირიე, თურქეთი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ქართველოლოგი

ბიოგრაფია

        ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აჰმედ მელაშვილი (აჰმედ ოზქანი) თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. იგი დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ბალიქესირის მხარის, გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში. მისი წინაპრები სოფელ არხავეთიდან ყოფილან, ადგილი სადაც მდინარე მურღული უერთდება ჭოროხს. მათი ოსმალური პერიოდის გვარი იყო უზუნ ალიოღლი.

       აჰმედმა ბავშვობიდანვე ისწავლა ქართული, რადგან მათ ოჯახში სასაუბრო ენა ქართული იყო. აჰმედის დედა  სანიე ადრევე გარდაიცვალა და 6 შვილის - სამი ვაჟის და სამი ქალიშვილის -  გაზრდა მამას - თევფიქის მარტოს მოუწია. აჰმედის მამა პროფესიით ხურო იყო. ის არაჩვეულებრივად მღეროდა. მოწაფეებს და შვილებს შეცდომას ხელობაში პატიებდა, ხოლო ქართულ სიმღერაში - არა. სწორედ ქართული სიმღერით შეიმეცნა აჰმედმა თავისი ქართველობა.

     ბავშვობაში აჰმედი მამას სახურავის გადახურვაში ეხმარებოდა, რა დროსაც გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა, ამის შემდეგ აჰმედი სამუდამოდ დაკოჭლებულა.

        მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მატერიალურად ძლიერ უჭირდა, აჰმედმა ბარამიჩის დაწყებითი სკოლის დამტავრების შემდეგ, მა სწავლა განაგრძო ბელიქესირის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი იზმირის ვაჟთა ლიცეუმში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა.  ამ დროისთვის აჰმედს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თურქეთის ქართველებში. იგი აქტიურად იკრებდა გარშემო ქართველებს და აცოცხლებდა მათში ქართული ეროვნული ღირსების გრძნობას, ქართულ მეობას. აჰმედს ჰქონია მცდელობა ქართული ანბანის შექმნის. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ქართველებს ჰქონდათ მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა. 

          1944 წელს ჯარში გაიწვიეს, სწორედ აქ გაიცნო ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მანვე გააცნო ქართული ანბანი და მიასწავლა ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ქართველთა მოძიება, ქართული კულტურის გაცნობა: ეს იყო სტამბოლის ქართველთა სავანე - სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის დიდი ქართული ბიბლიოთეკა.

        შემდეგ იგი სტამბულის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1946 წელს უსახსრობისა და ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო აჰმედმა შეწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა, ხოლო მოგვიანებით ისევ განაგრძო.

      სტამბულში სწავლის დროს აჰმედმა გაიცნო მაჭახელელი მუჰაჯირების შთამომავალი ნური ერგუნ ჯინჭარაძე, ხოლო მასთან სტუმრობის დროს გაიცნო მისი ძმისშვილი იუქსელ ერგუნი, შეუყვარდა და 1955 წელს მასზე იქორწინა. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად ინეგოლის რაიონის ქართულ სოფელ ჰაირიეში დასახლდნენ. 1956 წელს აჰმედს და იუქსელს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დაარქვეს იბერია, ხოლო 1957 წელს დაიბადა მათი მეორე შვილი - თამარი.

         1959 წელს ახმედი ოჯახთან ერთად ბურსაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ იგი არქიტექტურულ ბიუროში მუშაობდა. ბურსის გარშემო 16 ქართული სოფელი იყო, მათ შორის იყო ჰაირე, სწორედ ჰაირეში დააარსა აჰმედმა პირველი კოოპერატივი, რომელიც მიზნად ისახავდა თურქეთში მცხოვრები ქართველების განათლებას და ბიზნესის ხელის შეწყობას,  შემდეგი წლიდან სტამბოლში ჩავიდა და უნივერსიტეტში შეწყვეტილი სწავლა გააგრძელა, რომელიც 1962 წელს დაამთავრა.

          სტამბოლში ყოფნისას იგი უფრო დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.

          აღსანიშნავია, რომ 50-იანი წლების ბოლოს აჰმედმა შეძლო საბჭოთა საქართველოში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირება. აჰმედი ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს გერმანიაში აგზავნიდა სასწავლებლად. ამავე პერიოდში აჰმედი უკავშირდება ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთში და იქაურ ქართველთა გამოცემას - ჟურნალთავისუფლების ტრიბუნის“ ჯგუფს.

      1962 წელს სოფელ ჰაირიეში, ახმედმა დააარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „კავდაღი“ (კავკასიონი), ხოლო იმავე პერიოდში ქალაქ ინეგოლში დააარსა  "კავკასიის კულტურის საზოგადოებას”.

      თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა 1968 წელს გამოცემულ  მის წიგნს „გურჯისტანს“ "Gürcüstan", რომელიც თურქეთის ქართველობას შორის ხელიდან-ხელში გადადიოდა, სადაც სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მყოფმა თურქეთის ქართველებმა შეიტყვეს, რომ რომელიღაც რუსეთის იმპერიის რაღაც ეროვნული უმცირესობა კი არ იყვნენ, არამედ ერი, რომელსაც ჰქონდა იქვე მეზობლად საკუთარი ტერიტორია, ჰქონდა უძველესი კულტურა, დამწერლობა, ჰყავდა მეფეები და დიდი მწერლები. ამ წიგნით დაიწყო ეროვნული ცნობიერობის აღმავლობის მნიშვნელოვანი ეტაპი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა და მეტიც, აჰმედ მელაშვილი დააკავეს კიდეც, „ანტითურქული პროპაგანდის“ გამო, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ იგი გაამართლა.

          აჰმედ მელაშვილი ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას, 1970-იან წლებში მან საქართველოში იმოგზაურა, თურქეთში ჩასულმა თარგმნა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე სტატიები საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე.

      აჰმედ მელაშვილის ხელშეწყობით საქართველოში სასწავლებლად არაერთი თურქეთელი ქართველი ჩამოვიდა. აჰმედს სურდა თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები დაუფლებოდნენ  აკადემიურ ქართულ ენას, გასცნობოდნენ ქართულ კულტურას და, შემდეგ, უკან დაბრუნებეულებს სხვებისთვის ესწავლებინათ. აჰმედ მელაშვილმა შეუწყო ხელი ერგუნ ათაბაის, შევქეთ შირინს და მეჰმედ სევალს. მათ საქართველოში მიიღეს განათლება და დღეს წარმატებული მოღვაწეები არიან.

        1977 წელს მელაშვილი აარსებს ჟურნალს "ჩვენებურები", რომელიც ეძღვნებოდა ქართულ თემატიკას, ქართველების ისტორიას, ყოფას, კულტურას თურქეთსა და საქართველოში. მისი უპირველესი საზრუნავი იყო ორი ხალხის - თურქებისა და ქართველების კულტურული ურთიერთობების განმტკიცება. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა შვედეთში, სტოკჰოლმში, რომელიც გამოსცა ევროპაში მცხოვრებმა თურქეთელმა ქართველმა შევნერ აქინმა. „ჩვენებურები“ დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად. ჟურნალი ძირითადად თურქულ ენაზეა, შიგადაშიგ ქართულადაც.

     1978 წელს აჰმედ მელაშვილი უკანასკნელად იმყოფებოდა საქართველოში, საიდანაც იგი უკან  გულმოკლული დაბრუნდა. მან თვალნათლივ დაინახა საბჭოთა იმპერიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მძიმე რეალობა.

         აჰმედ მელაშვილმა შეკრიბა თურქეთის ქართველობაში შემონახული სიმღერები, ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ლეგენდები და საგვარეულო ისტორიები. სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა "ვეფხისტყაოსანს", .თუმცა აღარ დასცალდა.

       1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად მძიმედ დაიჭრა აჰმედის ვაჟი იბერია, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. ამ ყველაფერს ფანჯრიდან თვალს ადევნებდა აჰმედის მეუღლე ქალბატონი იუქსელი. დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) 6 ივლისს დაკრძალეს  სოფელ ჰაირიეში. მის საფლავს ქართულ-თურქულად აწერია:  „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“. 

      აჰმედის მკვლელობით დიდი ხნით შეფერხდა ქართველთა ეთნიკური კულტურის გადარჩენის საქმე. თუმცა 90-იანი წლებიდან ისევ აქტიურად განახლდა, მამის საქმე მისმა ვაჟმა იბერიამ გააგრძელა.

წყარო

 1.  აჰმედ მელაშვილი-"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის"-თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე https://intermedia.ge 

2. გუჯეჯიანი რ. ფუტკარაძე ტ. ახმედ მელაშვილი - დიდი ქართველი http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=89&id=1845

 3. კალანდია გ. აჰმედ მელაშვილი, ჩვენებურთა ბელადი, თბ., 2010

4. ნიკოლეიშვილი ავთანდილ. ქართული კულტურის კერა და ქარელები თურქეთში, ქუთაისი, 2009


გააზიარე: