The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ესტატე ბოსლეველი

ესტატე ბოსლეველი
ოფიციალური სახელი:ესტატე სიმონის ძე მჭედლიძე
სხვა სახელი:ბოსლეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 1885  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი სვირი
კატეგორია:კრიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

     ესტატე მჭედლიძე დაიბადა 1854 წელს სოფელ მეორე სვირში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გაემგზავრა, მაგრამ ხელმოკლეობამ აიძულა ისევ ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც ჯერ მასწავლებლობდა, შემდეგ კი გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიაში მდივნად მსახურობდა. ბოსლეველის პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები 1874 წლიდან "ივერიასა" და "დროებაში"  იბეჭდებოდა.

     1882-1883 წლებში ესტატე ბოსლეველი ქუთაისის გაზეთ "შრომის" აქტიური თანამშრომელი იყო. კრიტიკულ მიმოხილვებში ბოსლეველი უმთავრესად 80-იანი წლების ქართულ მწერლობას ეხებოდა და განიხილავდა ილია  ჭავჭავაძის "განდეგილს", დავით ერისთავის "სამშობლოს", გიორგი ზდანოვიჩის "წერილს ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიმართ" და სხვას.

     ესტატე ბოსლეველი ქართული ლიტერატურის განვითარების რეალისტი და კრიტიკული წარმომადგენელი იყო. იგი ავტორია "ქუთათური ფელეტონებისა", რომლებშიც ქუთაისის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას აშუქებდა.თავის კრიტიკულ–პუბლიცისტური წერილებში ბოსლეველი ეკონომიკის საკითხებსაც ეხებოდა.

     ბოსლეველი აქტიურად მონაწილეობდა 1880-იანი წლების დასაწყისში ქართული პრესის ფურცლებზე ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებში. მარქსის მოძღვრების საფუძველზე ასაბუთებდა, რომ ქართველი ხალხის სოციალური და ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებით.

    ესტატე ბოსლეველი მოკლეს 1885 წელს ქუთაისში. ამ პერიოდში იგი გაბრიელ ეპისკოპოსის მდივნად მუშაობდა და მუქარის წერილებს მეუფეც ღებულობდა...  ბოსლეველი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ სვირში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-)

გააზიარე: