The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ქეთევან ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილი

ქეთევან ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილი
ოფიციალური სახელი:ქეთევან ელეფთერის ასული ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1865
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1940  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:მსახიობი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ქეთევან ანდრონიკაშვილი დაიბადა 1865 წელს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში აზნაურ ელეფთერ ზურაბიშვილის ოჯახში. ქეთევანი თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ ვერ დაამთავრა, რადგან სასწავლებლიდან გამოიყვანეს და გაათხოვეს, მაგრამ მალევე, 15 წლის ასაკში, დაქვრივდა.

   1882 წელს 16 წლის ქეთევანი თბილისის ქართულ სცენაზე, პიესა „მზის დაბნელებაში“ გამოჩნდა. ამ დროინდელ დასში თამაშობდნენ უკვე ცნობილი მსახიობები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია-ცაგარელისა, ლადო ალექსი-მესხიშვილი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე და სხვები. გაზეთები მის უნაკლო თამაშზე წერდნენ და სცენაზე გასვლის უმალვე დაენიშნა ოთხი თუმანი და ბენეფისი.  ცნობილი იყო საუცხოო სიმღერითა და ცეკვით, რაც იმ დროს ხალხს თეატრში იზიდავდა.  შემთხვევის წყალობით ქეთევანს მოუწია „სამშობლოში“ ქეთევანის როლის შესრულება, რამაც მას დიდი წარმატება მოუტანა. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და ამ რეპერტუარით გაემგზავრნენ  ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და ოზურგეთში, სადაც დიდ პატივი და სახელი მოიხვეჭა, როგორც როლების შესრულებით, ისე ლეკურითა და სიმღერით. როცა უმნიშვნელო პიესას დგამდნენ,  მისი სიმღერა და ლეკური  აუცილებლად უნდა ჩაერთოთ.

   ქეთევან ანდრონიკაშვილის უმთავრესი როლები იყო: თამარ ცბიერი, რუსუდანი, როზალია და კინტო. ერთხელ ლადო მესხიშვილს მისთვის უთქვამს: “შენ ისეთი მსახიობი ხარ და გრძელი რეპერტუარის ნიჭი გაქვს, რომ შენი სცენის თავის დანებება  დიდი დანაკლისი იქნებაო”. სეზონის დამთავრების მერე  თელავში გადავიდა, სადაც 1888 წელს გამომძიებელ კახიძეზე გათხოვდა. ქეთევანი თელავში დარჩა, სადაც  კვირაობით დავით აწყურელთან ერთად წარმოდგენებს მართავდა.

   1893 წელს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის ბაქოში მიიწვიეს, სადაც ისე მოეწონათ, რომ  მისი ბაქოში დატოვების მიზნით, მისი მეუღლეც  ბაქოს “ოკრუჟნი სუდში” სამუშაოდ გადაიყვანეს. მართლაც, ბაქოში ქეთევანის მონაწილეობით ქართული დრამატული დასი შეიქმნა. პიესების შემოსავლით იძენდა ტანისამოსს, რაც სპექტაკლებისთვის აკლდებოდათ, დადიოდა მდიდრების სახლებში და სცენისათვის შესაწირ  ნივთებს შოულობდა. ორ წელიწადში ქეთევანმა ისე ააწყო ბაქოს დრამატული დასის საქმიანობა, რომ  შალვა დადიანი რეჟისორად მიიწვიეს.

   ქეთევან ანდრონიკაშვილმა  ბაქოში დააარსა ქართველ ქალთა წრე, გახსნა უფასო სამკითხველო, წარმოდგენებიდან შემოსული ფულით ყოველწლიურად ტექნიკურ სასწავლებელში 10 მოწაფეს ინახავდა და ამავე დროს,  უსასყიდლოდ მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ორჯერ მიწვეული იყო გასტროლებზე ვლადიკავკაზში.

   ქეთევან ანდრონიკაშვილი  ბაქოში მოღვაწეობდა 1893-1915 წლებში. 1917 წელს იგი სცენას შვილის სიკვდილმა ჩამოაშორა, მაგრამ შალვა დადიანმა, რომელიც ქუთაისის დასში რეჟისორად იყო მიწვეული, მას დახმარების ხელი გაუწოდა და 1920 წელს ქუთაისის დასში მიიწვია. ერთი სეზონის შემდეგ, 1921 წელს, დადიანისვე თაოსნობით ველისციხეში, თეატრის ხელმძღვანელად გაიგზავნა, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაოდ თბილისში, განათლების მუშაკთა კლუბში გადმოვიდა.

   1923 წლიდან ქეთევანი "სახკინმრეწვში" მსახიობად მუშაობდა და გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში. მან თბილისში საცეკვაო სტუდიაც დააარსა, თუმცა უკმაყოფილო იყო, რადგან სცენისადმი მის სიყვარულს და შრომას ეს არ აკმაყოფილებდა და სწუხდა, რომ ვერცერთ სეზონზე თბილისის სცენაზე ვერ მოხვდა. 1933 წელს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

   ქეთევან ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 31 იანვარს და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: