The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე (კატო) მერაბის ასული მიქელაძე

ეკატერინე (კატო) მერაბის ასული მიქელაძე
სხვა სახელი:"ხ"  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1878
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1942  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო (დაკარგულია)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    კატო მიქელაძე დაიბადა 1878 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში. თავდაპირველი განათლება ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა ხელმოკლეობის გამო, სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა.

   1900 წელს საბებიო ინსტიტუტი დაამთავრა და სამუშაოდ ცხინვალში წავიდა, სადაც დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე და დგამდა უფასო წარმოდგენებს. ცხინვალში ყოფნის დროს დაუახლოვდა "მესამე დასელებს" და დაიწყო არალეგალურ წრეში მუშაობა. აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო მოძრაობაში და აკრძალული ლიტარატურის გავრცელებასაც უწყობდა ხელს. გაზეთ „ბრძოლას“ თავის რევოლუციურ ლექსებს უგზავნიდა და ფსევდონიმით აქვეყნებდა.

    „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რეკომენდაციით ეკატერინე მოსკოვში, ახალგახსნილ პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად გააგზავნეს, მაგრამ მალე საზღვარგარეთ წავიდა და განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

    ეკატერინე მიქელაძე ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლას შეუდგა. 1917-1918 წლებში,  ეკატერინეს ინიციატივით, რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა. იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა ქართველი ქალისა“

    1918-1919 წლებში ეკატერინე მიქელაძე პედაგოგად მუშაობდა გუდაუთაში, ხოლო 1920 წელს სიღნაღში.

    1921 წლიდან იგი საბოლოოდ თბილისში დასახლდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ ყოფნა მოუწია და ფიზიკური გადარჩენის მიზნით, რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა ბელადს.

   1930 წლიდან ეკატერინე ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში მუშაობდა, მოგვიანებით მწერალთა კავშირში გაერთიანდა, ხოლო 1940 წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

   ეკატერინე მიქელაძე გარდაიცვალა 1942 წელს თბილისში და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, მაგრამ სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: