The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე ყიფიანი

მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე ყიფიანი
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1916  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    მიხეილ ყიფიანი დაიბადა 1846 წელს სოფელ ქვიშხეთში. საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც იგი ერთ–ერთ საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1875 წელს სამსახური დაიწყო ქუთაისში და აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში.

    1876 წელს სხვა ხალხოსნებთან ერთად მიხეილ ყიფიანი დააპატიმრეს და გადაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში, შემდეგ კი ორენბურგში. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1881 წელს მიხეილი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს მან თბილისის მე–2 გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს გორის სამასწავლებლო სემინარიაში განთავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ადგილი და ყიფიანმა ამ ადგილზე დანიშვნის შესახებ სათანადო თხოვნით მიმართა გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორს დ. სემიონოვს, რომელმაც თავის მხრივ შუამდგომლობა წარუდგინა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს. მზრუნველმა თბილისის გუბერნატორისგან მიხეილ ყიფიანის შესახებ საიდუმლო ცნობები გამოითხოვა და გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს დ. სემიონოვს შემდეგი პასუხი მისწერა: "მე არ შემიძლიან შესაძლებლად ვცნო მისი, ყიფიანის დანიშვნა ქართული ენის მასწავლებლად თქვენდამი რწმუნებულ სამასწავლებლო სემინარიაში". მისი დანიშვნა მშობლიური ენის მასწავლებლად სარისკოდ მიაჩნდათ, მაგრამ სემიონოვი ყიფიანის პოლიტიკურმა წარსულმა ვერ შეაშინა, დაჟინებით მოითხოვა მისი მასწავლებლად დანიშვნა და პასუხისმგებლობაც კი იკისრა მისი მომავალი საქმიანობის შესახებ.

    1881 წლის ოქტომბრიდან მიხეილ ყიფიანი ოფიციალურად დაინიშნა ამიერკავკასიის (გორის) სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ზედმიწევნით განათლებულს, ქართული ლიტერატურის შესანიშნავ მცოდნესა და სათნო ბუნების მიხეილს მოსწავლეთა და პედაგოგთა დიდი პატივისცემა და სიყვარული მალევე დაუმსახურებია. სოფრომ მგალობლიშვილი თავის მოგონებებში წერდა: "მაშინდელი სემინარიის დირექტორი დიდი ლიბერალი იყო და ქართული ენის მასწავლებელი სრული თავისუფლებით სარგებლობდა".

    სამასწავლებლო სემინარიაში მასწავლებლობასთან ერთად მიხეილ ყიფიანი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა გორის ქალთა პროგიმნაზიაშიც. მომავალი მწერალი ქალი ანასტასია ერისთავი–ხოშტარია იხსენებდა: "ვისმენდი ამ მომაჯადოებელ სიტყვებს ძვირფასი მასწავლებლის მიხეილ ყიფიანის და ნიკო ლომოურის გაკვეთილებზე და ვგრძნობდი ჩემთან ერთად მღელვარებდა მრავალ ათასთა გული".

    მიხეილ ყიფიანს დიდხანს არ დასცალდა პედაგოგიური მოღვაწეობა. 1883 წლის 4 მარტს მას მე–3 კლასში გაკვეთილი შეაწყვეტინეს და რევოლუციური მუშაობისათვის დააპატიმრეს. სხვა ქართველებთან ერთად მიხეილი ქალაქ უსტკამენოგორსკში. რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან გაემგზავრა მისი ცოლ–შვილიც. იმ დროს ციმბირში ბევრი ქართველი იხდიდა სასჯელს, რომლებთანაც ყიფიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. 1887 წელს მიხეილი გაათავისუფლეს და იგი სამშობლოში დაბრუნდა.

    1908 წლიდან მიხეილ ყიფიანი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    მიხეილ ყიფიანი გარდაიცვალა 1916 წლის 10 დეკემბერს სოფელ ქვიშხეთში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: