The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე
სხვა სახელი:ბრილელი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1941  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ალექსანდრე დიასამიძე დაიბადა 1872 წელს თბილისში. საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მიიღო, რის შემდეგაც მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.

   1898 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის კლინიკებში მუშაობდა. იქვე დაამთავრა ვენეროლოგიის და დერმატოლოგიის ფასიანი კურსები.

   ალექსანდრე დიასამიძე სტუდენტობის დროს არალეგალური წრეების რევოლუციურ მუშაობაში ჩაება. პარიზში ემიგრანტების უბანში ცხოვრობდა, სადაც გაეცნო ჟან ჟორესს, რიშარს, სებასტიან ფორს.

   1899 წლიდან ალექსანდრე დიასამიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოების მუშაობაში.

   საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ ქვემო მაჩხაანსა და თიანეთში მუშაობდა, ხოლო 1906-1922 წლებში გახლდათ რკინიგზის საავადმყოფოში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომელთა შორის. როგორც კავკასიის საექიმო საზოგადოების წევრი, სხვადასხვა პოპულარული წიგნებისა და ბროშურების გამოცემას და თარგმნას ხელმძღვანელობდა, აწყობდა და თვითონაც კითხულობდა ლექციებს მუშათა უბნებში.

   1906 წლიდან ალექსანდრე დიასამიძე, დროებით, ყოველდღიურ გაზეთ „შრომას“ რედაქტორობდა, რომელიც შემდეგ მთავრობის განკარგულებით აკრძალული იქნა. თვითონაც წერდა, თარგმნიდა როგორც სამედიცინო, ისე მხატვრულ-საზოგადოებრივი ხასიათის ნაწარმოებებს.

   ალექსანდრე დიასამიძე იყო ერთი იმ სტუდენტთაგანი, რომელთაც აკაკიმ თავისი შესანიშნავი „ბაში-აჩუკი“ მიუძღვნა.

   1905 წელს დააარსა საიდუმლო საექიმო ორგანიზაცია იმ  რევოლუციონერებისათვის, რომელნიც მთავრობას ემალებოდნენ.

   1910 წელს დერმატოლოგ-ვენეროლოგი ალექსანდრე დიასამიძე ვაგზლის კერძო სამკურნალოში მუშაობდა. ამ პერიოდში იგი დიდ ინტერესს იჩენდა პოლიტიკური საკითხებისადმი, რაც პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი დააპატიმრეს და ამიერ-კავკასიიდან ადმინისტრაციული სასჯელით გააძევეს.

   1914 წელს, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, სამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული, სადაც უფროსი ექიმის, ფრონტზე მინდობილობათა ექიმის და საევაკუაციო პუნქტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. დაჯილდოებული იყო ბრძოლის ორდენით. რევოლუციის შემდეგ, ჯარისკაცთა მიერ, პოლკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

   1923 წლიდან ალექსანდრე დიასამიძე ქალთა მე-3 საავადმყოფოს მთავარ ექიმად მუშაობდა და 1928 წელს, როცა ქალთა მე-3 საავადმყოფო ვენინსტიტუტად გადაკეთდა, დირექტორის მოადგილედ და ამავე ინსტიტუტის დისპანსერის გამგედ დაინიშნა. ამავე დროს, ოთხი წლის განმავლობაში, ლექციებს კითხულობდა პირველ მედტექნიკუმში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სრულიად საქართველოს ვენეროლოგთა და დერმატოლოგთა კონფერენციებზე.

   ალექსანდრე დიასამიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ვენერიულ სნეულებებთან ბრძოლაში, რისთვისაც 1934 წელს, მთავრობის დადგენილებით, პერსონალური პენსია დაენიშნა.

 ალექსანდრე დიასამიძე გარდაიცვალა 1941 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: