The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე

სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე
ოფიციალური სახელი:სულეიმან გიორგის ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1869  (155 წლის)
დაკრძალვის ადგილი:გარდაცვალების თარიღი და ადგილი უცნობია
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    სულხან ჭავჭავაძე დაიბადა 1869 წელს კახეთის სოფელ ვაზისუბანში,  „კოლეჟსკი რეგისტრატორის“, გიორგი ჭავჭავაძისა  და ნინო სოლაღაშვილის ოჯახში. 10 წლის ასაკში მამით დაობლებული სულხანის აღზრდა დედამ იკისრა, რომელმაც ერთადერთ შვილს იმ დროისათვის კარგი განათლება მისცა.

    სულხანი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი და ამ საზოგადოების წარმომადგენელი სიღნაღში.  სწორედ, ამ სტატუსით უნდა დაეარსებინა მას 1897 წელს საეკლესიო სკოლა ურიათუბანში, სადაც 48 მოსწავლე სწავლობდა. აქ წერა-კითხვასთან ერთად ასწავლიდნენ: ღვთისმეტყველებას, არითმეტიკას, ვაჟებს მეღვინეობა-მევენახეობასა და მებაღეობას, ხოლო ქალებს ხელსაქმეს. ამ საქმეში მას აქტიურ დახმარებას უწევდა მეუღლე ნინო ტუსიშვილი. აღსანიშნავია სულხან ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული ფოლკლორის განვითერებაში. იგი გახლდათ ვანო სარაჯიშვილის მეგობარი და მოამაგე. მან დიდი როლი ითამაშა სარაჯიშვილის ნიჭის ხელშეწყობასა საქვეყნოდ წარმოჩინებაში.

   სულხან ჭავჭავაძემ  მამულების დიდი ნაწილი მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო. ასევე მემკვიდრეობით  მიიღო მან უზარმაზარი მეურნეობის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობაც, რომელიც დიდ ცოდნას, ენერგიას, მოთმინებას და მასთან ერთად სოლიდურ კაპიტალდაბანდებას თხოულობდა.  სულხანმა სოფელ ვაზისუბანთან ააშენა სასახლე, რომელშიც მთელი თავისი გემოვნება, ფული და სიყვარული  ჩადო. სწორედ ამიტომ იგი სულხან ჭავჭავაძის სასახლის სახელით შემორჩა სოფელსაც და ისტორიასაც. საკმაოდ ძვირი უნდა დამჯდარიყო სასახლის მშენებლობაც, რაც იმ დროში მხოლოდ ძალზე იშვიათებს თუ შეეძლოთ. სასახლე  წარმოადგენდა XIX საუკუნის ხუროთმოძვღრების საყურადღებო ნიმუშს, სადაც შერწყმული იყო  ადგილობრივი და ევროპული არქიტექტურის ელემენტები. სასახლის წინ მოზრდილ ტერიტორიაზე დეკორატიული ბაღი, ვენახი და ტყე ყოფილა გაშენებული.  ამ ტიპის სასახლე კახეთში სულ ორია: ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდალში და სულხან ჭავჭავაძის ვაზისუბანში.

   1893  წელს, რეპრესიებისა და შევიწროებების მიზეზით, სულხან ჭავჭავაძე იძულებული გახდა საკუთარი მამული გაეყიდა და იგი რომანოვების საუფლისწულო უწყების მფლობელობაში გადავიდა.  

   თავადი სულხან ჭავჭავაძე თანხების უდიდეს ნაწილს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ახმარდა და მუდმივად მიისწრაფოდა სიახლეების დანერგვისკენ: ზრუნავდა სარწყავი სისტემის მოწესრიგებასა და სრულყოფაზე, იყო კახეთის რკინიგზნის მშენებლობის საზოგადოების აქტიური წევრი, კახეთში სატელეფონო ხაზის გაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც 1895 წელს განახორციელა შვედურმა ფირმა „ერიქსონმა“.  

   სულხან ჭავჭავაძე გახლდათ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წევრი და აქტივისტი. იგი მუდმივად ინტერესდებოდა მევენახეობაში დასანერგი სიახლეებით. მას თავის მამულებში ქართული ვაზების გვერდით გაუშენებია ევროპულ ჯიები: პინო, რესლინგი, ალიგოტე, სოვინიონი. ამ პერიოდში სულხანს განსაკუთრებული საქმიანი კონტაქტები ჰქონდა თავის კოლეგა, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების“ წევრ გიგო დიასამიძესთან, ვისთანაც მას საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად საერთო სამეურნეო ინტერესებიც აერთიანებდა. გიგო დიასამიძემ, რომელიც ჟურნალ „თემს“ ხელმძღვანელობდა, რაჭაში დააარსა მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული“, რომელთანაც სულხან ჭავჭავაძე აქტიურად თანამშრომლობდა.

   1907 წელს, „ქართველი ხალხის პეტიცია“-ს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ „გეორგიევსკის ტრაქტატის“  პირობების დარღვევას შეეხებოდა და რომელიც ჰააგის საერთაშორისო  კონფერენციაზე გაიგზავნა,  ხელს აწერდა თავადი სულხან ჭავჭავაძეც.

   1921 წლის დასაწყისში სულხან ჭავჭავაძემ სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. სამწუხაროდ ემიგრაციაში მისი ცხოვრების დეტალების და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

   1922 წელს ურიათუბანში აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის თაოსნობით სულხან ჭავჭავაძის სასახლის ბაზაზე დაარსდა კახეთის მევენახეობის საცდელი სადგური, რომლის საფუძველზეც 1930 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: