The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი

ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1882
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1942  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ალექსანდრე იმედაშვილი დაიბადა 1882 წლის 2 მარტს (ძვ. სტ. 18 თებერვალილ) თბილისში, დალაქის ოჯახში. დედა დიასახლისი გახლდათ.

     ალექსანდრე იმედაშვილმა სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი დაამთავრა და ასევე ორწლიანი საბუღალტრო კურსები. სასცენო მოღვაწეობა 1900 წელს დაიწყო. სცენაზე გამოვიდა მაკო საფაროვა-აბაშიძის თაოსნობითა და ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ გამოსაცდელ წარმოდგენაში „უკუღმართი ალაგი“. იმევე წელს მონაწილეობა მიიღო  ვასო აბაშიძის საბენეფისო წარმოდგენაში „ორი ჯიბგირი“.

   1902 წელს ქუთაისში მუშაობდა ლადო მესხიშვილთან, 1903 წლიდან, რამდენიმე სეზონი თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა სცენებზე. 1907 წელს, ამიერკავკასიის ფარგლებში პირველმა შეადგინა ქართული დრამატული მოგზაური დასი და ისტორიული და კლასიკური რეპერტუარით მოიარა ბაქო, განჯა, ერევანი, ალექსანდრეპოლი და სხვა რაიონები.

     1914 წელს, ქართული თეატრის დაწვის გამო თბილისის სახალხო სახლში მონაწილეობდა, 1916-1919 წლებში – ქუთაისის სცენაზე მსახიობად და რეჟისორად, 1923-1924 წლებში – ბათუმში, 1928 წელს – სახკინმრეწვში, 1929 წლიდან – რუსთაველის აკადემიურ თეატრში, ბოლოს ქუთაისის სცენაზე და საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოდიოდა სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებში, განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში.

     ალექსანდრე იმედაშვილი რევოლუციამდელ ქართულ თეატრში ოტელოს როლის საუკეთესო შემსრულებლად ითვლებოდა. მას ქართულ სცენაზე ნათამაშები აქვს უამრავი როლი, მათ შორის: ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ლირი (უილიმ შექსპირი „მეფე ლირი“), დონ კარლოსი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), დათო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ესტევანი (ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვა. იმედაშვილი გამოირჩეოდა უდიდესი ტემპერამენტით, პროფესიული კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ სცენაზე სწორი ქართული მეტყველების დამკვიდრებაში. იმედაშვილი თვლიდა, რომ „ჩვენი თეატრისათვის საჭიროა, რომ დრამატურგიც, მსახიობიც და რეჟისორიც ეროვნულის თვალსაზრისით მიუდგნენ თავიანთ საქმეს, უამისოდ გამარჯვება იქნება მხოლოდ დროებითი... სცენაზე კი მთავარი მნიშვნელობა აქვს მსახიობს“.

    1921 წლიდან იმედაშვილი კინოში მოღვაწეობდა. იგი იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს.

    ალექსანდრე იმედაშვილი მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ-პროფკავშირულ მოძრაობაში, როგორც მსახიობთა კავშირის ერთი დამაარსებელთაგანი, მისი საბჭოს თავმჯდომარე, ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრი და სხვ.

    1932 წლის 26 თებერვალს რუსთაველის თეატრში გაიმართა იმედაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი საღამო. მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება და დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

    ალექსანდრე იმედაშვილი გარდაიცვალა 1942 წლის 25 სექტემბერს ჭლექით და დაკრძალულია ვაკის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: