The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე

ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახტაძე
ოფიციალური სახელი:ვარლამ კონსტანტინეს ძე ბახთაძე
სხვა სახელი:ვ. ბანიძე  (ფსევდონიმი)
პედაგოგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1891  (133 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ვარლამ ბახტაძე დაიბადა 1891 წლის 19 იანვარს ქალაქ ხონში გლეხის ოჯახში.

   1911 წელს ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1922 წელს დაამთავრა.

   1911-1916 წლებში ჯერ ონის, ხოლო შემდეგ სადმელის ორკლასიანი სკოლის გამგედ მუშაობდა. მისი თაოსნობით სადმელის ქალთა პროფესიული სკოლა დაარსდა, ხოლო ვაჟთა ორკლასიანი სკოლისთვის ახალი შენობა აიგო და მოეწყო.

   1912 წლიდან თანამშრომლობდა პერიოდულ პრესასთან და სხვადასხვა ფსევდონიმებით  კორესპონდენციებსა და ბიბლიოგრაფიებს აქვეყნებდა.

   1918 წლიდან ვარლამ ბახტაძე თბილისის პოლიტექნიკურ, ხოლო შემდეგ ინდუსტრიულ ტექნიკუმში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა და 1929 წლიდან  სასწავლო ნაწილის გამგედ გადაიყვანეს. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა საავიაციო ტექნიკუმში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების და დაუსწრებელ პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში და რკინიგზის მუშფაკში.

   1930 წლიდან ვარლამ ბახტაძე თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში ტექნიკური ლიტერატურის გამოცემის საქმეს ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელო მომზადდა, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა: „საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი“, „საავიაციო ცნობარი“ და სხვა. ამ სახელმძღვანელოებს თავად გაუკეთა სტილისტური რედაქცია და წინასიტყვაობა. ვარლამ ბახტაძემ რუსულიდან თარგმნა ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის, მათ შორის: „ძველი აღმოსავლეთი“, „შუა და ახალი საუკუნეები“ და სხვა.

   ვარლამ ბახტაძე  აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1914 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ონის განყოფილების ნამდვილი წევრი. უმაღლეს სასწავლებელში ყოფნის დროს, ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი თაოსნობით საისტორიო-სამეცნიერო წრე დაარსდა, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად გახლდათ. იგი იყო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის წევრი, ბავშვთა მეგობრობის საზოგადოების საქართველოს საბჭოთა პრეზიდიუმის წევრი და ლენრაისაბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რემედასის ცეკას აგიტკოლეგიის წევრი, მშრომელთა დეპუტატების საარჩევნო კომისიის მდივანი.

   1932 წლიდან ვარლამ ბახტაძე გახლდათ საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციის და საქართველოს სამეცნიერო მეთოდური საბჭოს წევრი.

   ვარლამ ბახტაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექცია, წევრი (1932-)
  • საქართველოს სამეცნიერო მეთოდური საბჭო, წევრი (1932-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - ”მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.”
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საკავშირო საავიაციო სამინისტროს წარჩინებულის მედალი
  • რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: