The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბაგრატ გრიგოლის ძე ბეთანელი

ბაგრატ გრიგოლის ძე ბეთანელი
ოფიციალური სახელი:ბაგრატ გრიგოლის ძე ბეთანიშვილი
სხვა სახელი:მაგისტერი   (ფსევდონიმი)
ქართველი კათოლიკე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 დეკემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1937  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

   ბაგრატ ბეთანელი დაიბადა 1881 წლის 10 დეკემბერს ახალციხეში. ქართული წერა-კითხვა დედამ შეასწავლა, შემდეგ საქალაქო სკოლაში მიაბარეს, რომლის ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ დაწყებითი სკოლის მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა და 1901 წლიდან ჯერ თბილისის კათოლიკეთა სკოლაში, შემდეგ კი ახალციხის მაზრის სოფელ ტოლაშში მასწავლებლად მუშაობდა.

   ბაგრატ ბეთანელი 1901 წლიდან წერდა კორესპოდენციებს და აქვეყნებდა ”ცნობის ფურცელსა” და ”ივერიაში”. 1902 წლიდან სცენისმოყვარეობას მიჰყო ხელი და ხან ახალციხეში, ხანაც ბორჯომსა და სხვადასხვა სოფლებში დადგმულ წარმოდგენებში მონაწილეობდა.

   1903-1915 წლებში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო. 1905 წელს და რეაქციის დროს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ იბრძოდა. იყო ახალციხის რევოლუციური ორგანიზაციის წევრი. ამ დროს სოფელ ტოლოშში მუშაობდა და გლეხებს სამღვდელოების წინააღმდეგ განაწყობდა. ამის გამო მღვდელთაგან დასმენილი, 1908 წლის სექტემბერში სამსახურიდან დაითხოვეს. ერთი წლით ბორჯომში გადავიდა, საშუალო კურსის მათემატიკისა და რუსული ლიტერატურის ისტორიის შესწავლას შეუდგა და პარალელურად სცენაზე გამოდიოდა.

    1909 წლის შემოდგომაზე მაზრის მასწავლებლობისთვის გამოცდა ჩააბარა და თავისი თხოვნით მასწავლებლად ბაკურიანში გააგზავნეს. ამავე წელს ლუარსაბ ბოცვაძე გაიცნო, რომელმაც ”დედა ენისა” და ”ბუნების კარის” შესახებ შენიშვნების დაწერა სთხოვა. მისი რამდენიმე შენიშვნით სახელმძღვანელოებში ცვლილებაც შეიტანეს.

   1912 წლიდან „სახალხო გაზეთში“ და „თემში“, ეროვნული თავისებურებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების შესახებ, ფელეტონები მოათავსა: „სწავლა-განათლების მდგომარეობა ბალკანეთის ქვეყნებში“, „სახალხო განათლება შვეიცარიაში“, ”ირლანდიის ჰომრული” და სხვა.

   1914 წელს, სკოლების ინსპექტორმა, რუსიფიკატორმა, ბერძენმა პოლიტოვმა (მასწავლებელთაგან სტრაჟნიკად წოდებულმა) მოინდომა ქართული სწავლების შემცირება, რის წინააღმდეგაც  ბეთანელმა სასტიკად გაილაშქრა. პოლიტოვმა მას წარჩინება, მაღალი თანამდებობით დაჯილდოება აღუთქვა, მაგრამ რაკი ვერ დაიმორჩილა, მუქარით მიმართა. 1915 წლის ზაფხულში, ბეთანელმა ჟურნალ „განათლებაში“ გამოაქვეყნა „წერილი მეჯვრისხევიდან“, სადაც  პოლიტოვის მიერ დადგენილ „მასწავლებლების“ რენეგატობა ამხილა. ამით განრისხებულმა პოლიტოვმა მუქარა ოფიციალურად შეუთვალა სამსახურიდან დაგითხოვო, ბეთანელმა კი საპასუხო წერილი გაუგზავნა: „Николай Васильевич! Получил Ваше грозное предписание, но оно меня ни чуть не поколебало, ибо я чист душою и прекрасно понимаю мое назначение, как гражданина и как педагога“. რასაკვირველია ინსპექტორმა მუქარა შეასრულა და ბეთანელი სამსახურიდან დაითხოვეს.

   ბაგრატ ბეთანელი ლუქსემბურგის მახლობლად, სოფელ აკაურთის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლაში გადავიდა სამუშაოდ.

   1916 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და იქიდან ათავსებდა გაზეთ „საქართველოში“ და ჟურნალ „ჯეჯილში“ კორესპონდენციებსა და მოთხრობებს.

   1917 წელს, მეფის ტახტის დამხობის შემდეგ, სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ამხანაგებთან ერთად მესხეთ-ჯავახეთში საქართველოს თვითარსებობის იდეის გავრცელებას შეუდგა. სოფელ აწყურში მასწავლებლობის ჟამს, საგანმანათლებლო მუშაობა გააჩაღა და მუსლიმ ბავშვებს ქართული წერა-კითხვის გარდა, ქართულ სიმღერებსაც ასწავლიდა.

   1922 წლიდან ახალციხეში მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობა ვეღარ შესძლო, პენსიაზე გავიდა და ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, მედიცინისა და უშხამო ბალახების სამკურნალო თვისებათა შესწავლას შეუდგა. ასამდე ბალახს გაეცნო და თავადაც ამ ბალახებით მკურნალობდა. გამოკვლევაც დაწერა - „საქართველოს უშხამო სამკურნალო მცენარეები, მათი ბოტანიკური აღწერა, სამკურნალო თვისებანი და ხმარების წესები“, რომელიც ხელნაწერის სახით გამოუქვეყნებელი დარჩა.

   ბაგრატ ბეთანელი გაედაიცვალა 1937 წლის 19 აგვისტოს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი (1903-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: