The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვანო მეძმარიაშვილი

ვანო მეძმარიაშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე სოლომონის ძე მეძმარიაშვილი
სხვა სახელი:Mინეურ  (ფსევდონიმი)
მინერი  (ფსევდონიმი)
სოლომონიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1874  (150 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ივანე მეძმარიაშვილი დაიბადა 1874 წლის 7 იანვარს ქუთაისის მაზრის სოფელ ეწერბაშში აზნაურის ოჯახში.

    1899 წელს დაამთავრა თბილისის სამიწათმოქმედო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ბელგიის ქალაქ მონსის სამთომადნო ინსტიტუტში, რომელიც 1909 წელს ინჟინრის ხარისხით დაამთავრა.

    1900 წელს ქუთაისის სამიჯნაო სამმართველოში მიწისმზომლად სამსახურის დროს „მესამე დასელთა“ წრის პოლიტიკურ-რევოლუციურ დავალებებს ასრულებდა.

    1901 წელს თბილისში საპირველმაისო დემონსტრაციაში მონაწილეობდა. 1902 წლიდან საზღვარგარეთ ემიგრანტ სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

    1904-1905 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის დროს რევოლუციურ პროკლამაციებსა და არალეგალურ ლიტერატურას გზავნიდა რუსეთში.

    1904 წელს ქალაქ მონსში თავისივე ინიციატივით დაარსებულ ინსტიტუტის სტუდენტ-სოციალ-დემოკრატ ავტონომისტთა (შემდეგში ალიონისტთა) ჯგუფში მონაწილეობდა. ამ ჯგუფმა ჟენევაში ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა მიერ მოწვეულ კონფერენციაზე საქართველოს პოლიტიკურ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნას რეზოლუციის გაგზავნით დაუჭირა მხარი.

    1917–1918 წლებში ქუთაისის ერობის ხმოსნად ყოფნისას, მეძმარიაშვილი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა და მოხსენებებს კითხულობდა. ადგენდა პროექტებს ტყიბულის ქვანახშირის ნაციონალიზაციისა და მისი წარმოების ორგანიზაციის, ქუთაისის და რაჭის ყოფილ მაზრებში მინერალური წყლების მნიშვნელობისა და გამოყენების, ბორჯომის წყლების ექსპლუატაციის, ქუთაისის წყალსადენის ქუთაისიდან წყალტუბომდე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის, წყალტუბოს სამკურნალო წყლების ნაციონალიზაციისა და რეკონსტრუქციის შესახებ. პირველად მან დააყენა საკითხი ტყვარჩელისა და ტყიბულის ქვანახშირების ერთმანეთში შერევით დაკოქსების შესაძლებლობაზე, მანვე დააყენა საკითხი ფეროშენადნობის წარმოების პერსპექტივაზე აჯამეთ-ზესტაფონის რაიონში, რასაც შემდეგში საძირკველი ჩაეყარა ზესტაფონის ფერომარგანეცის ქარხნის სახით.

     1919–1935 წლებში საქართველოს და ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სააღმშენებლო და საგამომკვლევო სამუშაოებს აწარმოებდა.

    1920 წლიდან ივანე მეძმარიაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი.

    ივანე მეძმარიაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა 1900-იან წლებში დაიწყო. სტატიებს აქვეყნებდა ჟურნალ „კვალში“, საზღვარგარეთ სწავლის დროს ბელგიიდან კორესპონდენციებს გზავნიდა „მოგზაურში“, „ტექნიკა და შრომაში“,  „საქართველოს ეკონომისტში“ და სხვა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში.

    საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ხშირად ათავსებდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებში საქართველოს ელექტრიფიკაციის, ქვანახშირის, საირიგაციო და სამელიორაციო, ფერადი ლითონების და სხვა ბუნებრივ სიმდიდრეთა შესახებ. ასევე თანამშრომლობდა უცხოურ პერიოდულ გამოცემებთან.

    ივანე მეძმარიაშვილის მრავალი შრომა აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისმა ნაშრომებმა ძლიერ შეუწყო ხელი ჩვენი ქვანახშირის შესწავლისა და გამოყენების საქმეს, საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ინდუსტრიალიზაციის პირველი დღიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა ფეროშენადნობის წარმოების საკითხების დამუშავებაში.

   ივანე მეძმარიაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: