The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკობ თეოდორეს ძე გვაზავა

იაკობ თეოდორეს ძე გვაზავა
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1960  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იაკობ გვაზავა დაიბადა 1882 წელს სენაკის მაზრის სოფელ საგვაზაოში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის საქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებელი.

   1903 წელს სამეგრელოში. სოფელ ხორგის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა და იმავე წელს ხორგის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მედავითნედ დაადგინეს.

   1910 წელს სოფელ საჭილაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1910 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და გუგუნაყათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა.

   1912 წელს გეზათის სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

   1913 წელს სამიქაოს ერთკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს.

   1916 წლიდან იაკობ გვაზავა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1927 წელს სენაკის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი საბჭოთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერდა: "წარმოგიდგენთ რა ამასთანავე სენაკის მაზრის საბჭოთა საარჩევნო კომისიის ოქმის ამონაწერს და სიას განმარტებით სენაკის მაზრის მცხოვრებ მოქალაქის იაკობ გვაზავას, თანახმად საარჩევნო ინსტრ. 8 მუხლისა ვშუამდგომლობთ თქვენს წინაშე, რათა ის აღდგენილ იქნეს საარჩევნო უფლებაში". იქვე, მეორე გვერდზე განმარტების ოქმში ვკითხულობთ: "იაკობ თედორეს ძე გვაზავა, მცხოვრები სჯუნის თემში, ყოფ. მღვდელი. მღვდლობა მიატოვა გასაბჭოებისას, მას აქეთ მასწავლებელია და დღეს გამგეა ოთხწლიან შრომის სკოლის. ხელისუფლებასთან სრულიად ლოიალურ განწყობილებაშია, საზოგადო საქმეებში აქტიურად თანამშრომლობს. ეწევა ფიზიკურ შრომასაც და კარგი მცოდნეა სადურგლო ხელობის". ამ დამსახურებათა გამო, იაკობ გვაზავა აღადგინეს საარჩევნო უფლებებში.

   იაკობ გვაზავას ჰყავდა მეუღლე მინადორა ანტონის ასული და შვილები: ტიმოთე, ვახტანგი, ეკატერინე, ოლღა, შურა და ნათელა.

   იაკობ გვაზავა გარდაიცვალა 1960 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: