The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე

ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე
სხვა სახელი:В. Максимов  (ფსევდონიმი)
Вечевой  (ფსევდონიმი)
ვ. სეფისპირელი  (ფსევდონიმი)
ძველი მებრძოლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1877  (147 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ვარდენ ჩხაიძე დაიბადა 1877 წლის 4 თებერვალს გურიის სოფელ ხრიალეთში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   1886 წელს მიქელგაბრიელის ერთკლასიანი სკოლა დაამთავრა და 1888 წელს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ასწავლიდნენ ჩინებული პედაგოგები: ივანე  გომელაური, ივანე კაციტაძე, სპირიდონ თოფურია და სხვები.

   1893 წელს წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და ამავე წელს  თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს დაამთავრა.

   ვარდენ ჩხაიძე ინსტიტუტში სწავლის პერიოდში „ივერიასა“ და „კვალში“ კორესპონდენციების ათავსებდა გლეხთა ყოფა-ცხოვრების, მიწისმფლობელობის, მებატონე-მემამულეთა უდიერობის, ადმინისტრაციის თავაშვებულობის, გლეხთა უუფლებობისა და სხვა საკითხების შესახებ.

   1897 წელს მასწავლებლად გააგზავნეს ზესტაფონში, სადაც ქუთაისის სამეურნეო სკოლის რჩეულ მოწაფეთაგან არალეგალური წრე ჩამოაყალიბა და ეწეოდა საზოგადოებრივ-კულტურულ მუშაობას. ქართულ პერიოდულ გამოცემებში დასაბუთებულად აკრიტიკებდა ქართველ ბავშვთა გადასაგვარებლად სკოლებში შემოღებულ ლევიცკის „მუნჯურ მეთოდს“ და სამეგრელოს სკოლებში შემოღებულ სწავლა-აღზრდის წესებს. მეთაურობდა სკოლების გახსნას, აქტიურად მონაწილეობდა ბიბლიოთეკისა და თეატრის შექმნის საქმეში. ზესტაფონში იგი 5 წლის მანძილზე მუშაობდა.

   1902 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, მხურვალედ ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ გურიის გლეხთა განმათავისუფლებელ მოძრაობას, რის გამოც შეიპყრეს და 12 ამხანაგთან ერთად იაკუტსკის ოლქში გადაასახლეს. 1903 წელს გადასახლებიდან  გაიქცა, ქალაქ ხარბინში ჩავიდა, სადაც მალე მონახა თანამოაზრენი და ისევ არალეგალური მუშაობა დაიწყო. მოიარა ჩინეთ-მონღოლეთი, კვლავ ხარბინს დაბრუნდა და ვასილ გრიგოლის ძე ნაკაიძის სახელით სამსახურს შეუდგა აღმოსავლეთ ჩინეთის რკინიგზაზე. იმავე დროს არალეგალურ რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა.

   1905 წელს კვლავ დააპატიმრეს, გაასამართლეს და ქალაქ ირკუტსკის საკატორღო ციხეში გადააგზავნეს, მაგრამ გზად მატარებლიდან გადახტა და თავი ტაიგას შეაფარა, საიდანაც რამდენიმე დღის ხეტიალის შემდეგ ირკუტსკში ჩავიდა, იქიდან კი გურიაში ამოჰყო თავი და ისევ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.

   1905 წლის ნოემბრიდან ბათუმის გაზეთ `Черноморский Вестник“-ში დაიწყო თანამშრომლობა. მალე ამ გაზეთის ხელმძღვანელად დაინიშნა და გაზეთს 1906 წლამდე უძღვებოდა.

   1906 წელს ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის დავალებით გაზეთ „Заря“-ს გამოცემა დაიწყო. სულ 17 ნომერი გამოვიდა, მთავრობამ გაზეთი დაუხურა, ხოლო თავად ჩხაიძე ბათუმიდან გადაასახლეს.

   1909 წელს გაასამართლეს და ერთი წლით ქუთაისის ციხეში ჩასვეს, ხოლო ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1910 წელს კავკასიის საზღვრებიდან გააძევეს.

   1912 წლის დეკემბერში, რომანოვების 300 წლის მეფობის თავზე გამოცემული მანიფესტით გათავისუფლებული ჩხაიძე კვლავ მასწავლებლობას დაუბრუნდა და ფოთში დაიწყო მუშაობა, პარალელურად არალეგალური მუშაობა გააგრძელა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, რომლის წევრიც პარტიის დაარსებიდან იყო.

   1915 წლიდან ვარდენ ჩხაიძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 წლის რევოლუციის პერიოდში ვარდენ ჩხაიძე ფოთში დიდ ორგანიზაციულ მუშაობას აწარმოებდა: კითხულობდა მოხსენებებს, აკავშირებდა ნავსადგურის მუშებს, თითქმის მარტომ ჩაატარა ახალი საბჭოს არჩევნები და ხელმძღვანელობდა სკოლის განახლების საქმეს.

   1918 წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცეკასთან უთანხმოების გამო, სრულიად ჩამოშორდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას, რის შემდეგ მსახურობდა კახეთში სკოლების ინსპექტორად, ბათუმის ქალაქის საბჭოს მდივნად და ბოლოს თბილისში, წყალთა სამმართველოში მუშაობდა, საიდანაც 1926 წელს დაითხოვეს. მართალია ეს დათხოვნა სასამართლომ უკანონოდ სცნო, მაგრამ ჩხაიძე ამის შემდეგ არსად სამსახურში არ დაბრუნებულა. ცხოვრობდა სოფელში და იღებდა დამსახურებული მასწავლებლის პენსიას.

   ვარდენ ჩხაიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტია, წევრი (1898-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: