The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძე

მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1958  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პუბლიცისტი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    მიხეილ ხერხეულიძე დაიბადა 1893 წლის 23 ოქტომბერს თბილისში, რკინიგზის მეისრის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა დორპატის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

    1912 წელს სცენაზე გამოვიდა და ცხინვალში „რაც გინახავს, ვაღარ ნახავ“-ში ავეტიქას როლი შეასრულა. პარალელურად, 1912 წლიდან სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში: „სახალხო გაზეთი“, „თეატრი და ცხოვრება“, „თემი“ და „ახალი აზრი“, სადაც აქვეყნებდა ლექსებს, მიმოხილვებს და წერდა რეცენზიებს.

    1912-1915 წლებში ცხინვალის, თბილისის ნაძალადევის და ავჭალის საკლუბო სცენებზე გამოდიოდა.

    1917-1919 წლებში ჯაბადარის სტუდიაში სწავლობდა და პარალელურად ქართულ დრამატულ დასში ჩაირიცხა.

    1918-1919 წლებში თბილისში ქართული საბავშვო თეატრი დააარსა და და სამი სპექტაკლი დადგა თბილისისა და პროვინციის სცენებზე ბავშვების მონაწილეობით.  აღსანიშნავია, რომ ამ თეატრში გამოიზარდა ვასო გოძიაშვილი.

    1920 წელს დუშეთის თეატრში რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა, 1921 წელს გურჯაანის, 1922-1923 წლებში სოხუმის ქართული თეატრის ხელმძღვანელად და მსახიობად და სადრამო-საცეკვაო სკოლაც დააარსა. საკუთარი ინიციატივით ადგენდა სცენისმოყვარე მსახიობთა დასებს და წარმოდგენებსაც მართავდა სოფლებისა და დაბების სცენებზე.

    1923-1927 წლებში თელავის კლუბსა და თეატრში მოღვაწეობდა, 1928 წლიდან გორის თეატრის, ხოლო 1936 წლიდან ყაზბეგის „ანდეზიტის“ მემაღაროეთა კლუბის კულტსექციის ხელმძღვანელი,რეჟისორი და მსახიობი გახლდათ, სადაც რუსულ დრამწრესაც ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

    მიხეილ ხერხეულიძე გარდაიცვალა 1958 წლის 20 ივლისს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: