The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი

იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:3 აგვისტო, 1965  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მწერალთა საზოგადო მოღვაწეთა პათეონი
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

    იოსებ გრიშაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 აპრილს (ძვ.სტ.) ხარფუხელი ხელოსანის ოჯახში. რვა წლის სოსო ქართულ გიმნაზიაში იწყებს სწავლას. მომავალი პოეტის პირადი ცხოვრება თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა. ჯერ იყო და 16 წლის ჭაბუკს მამა გარდაეცვალა, მერე დედა გაუთხოვდა. მამის სიკვდილის გამო იძულებული გახდა გიმნაზიაში სწავლისთვის თავი დაენებებინა.
   ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. სცენა მომავალი პოეტისათვის თეატრალური და ლიტერატურული განათლების სკოლად იქცა: "თეატრის ნიჟარაში ხუთი წლის განმავლობაში მიხდებოდა კითხვა ისეთი ავტორებისა, როგორიც არიან შექსპირი და შილერი, მოლიერი და გოლდონი, ვიქტორ ჰიუგო და ჰაუპტმანი, ლევ ტოლსტოი და ა. ოსტროვსკი, მაქსიმ გორკი და ა. ჩეხოვი, დ. ერისთავი და ა. სუმბათაშვილი… ამ პოეტებმა და მისმა მთარგმნელებმა ფრიად წარუშლელი კვალი დატოვეს ნათელი მიზნების ხნულში და განსაკუთრებით ქართული ენის შესწავლის საქმეში."
    იოსებ გრიშაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1905 წელს გამოვიდა. სცენის საკარნახო ნიჟარიდან იოსებმა ჟურნალ ’’ნიშადურში’’ გადაინაცვლა. იმ დღიდან საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ბედი მწერლობას და პოეზიას.

    1919 წელს იოსები, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად იგი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა. 1947 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1950 წელს ენიჭება სახელმწიფო პრემია და ირჩევენ მშვიდობის მომხრეთა მეორე საკავშირო კონფერენციის დელეგატად, ხოლო 1959 წელს პოეტს რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდებას ანიჭებენ.

    გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ინტერესიც შეიმჩნევა. ლექსთა მომდევნო კრებულებში საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა. თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს. მეორე პერიოდში, როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავრი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო ლირიკამაც.

   სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", "აშპაშხანისკენ", "გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში", "ჩემი თბილისი", და ა.შ. საბჭოთა პატრიოტიზმი ვლინდება დიდი სამამულო ომის დროინდელი ლექსებში: "ორი სიტყვა", "მეისტორიევ, წიგნი დახურე", "ბალადა ხელმანდილზე", და სხვა.

    1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის.

    იოსებ გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია. მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ლექსების ციკლით  "თქვენთვის, ჩემო პატარებო".
     გრიშაშვილის პოეზიაში წამყვანი ადგილი უკავია სატრფიალო ლირიკას. იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების ქვაკუთხედი მაინც თბილისის თემაა. პოეტმა თბილისის მრავალი ლექსი და გამოკვლევა უძღვვნა. პოეტის თქმით, თბილისი იყო მისი ლექსების შთამაგონებელი: "თბილისის მეზვრე დავრჩები მუდამ სიყვარულიდან სიყვარულამდე".

    იოსებ გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა", "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა", ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ა.ლექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, აგრეთვე ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვათა ლექსები.

     იოსებ გრიშაშვილი ბავშვობიდანვე უყრის საფუძველს საკუთარ უნიკალურ წიგნსაცავს. "პირველად მათ გავეცანი მაშინ, როდესაც ფეხშიშველა ბიჭი დავრბოდი თბილისის გარეუბან ხარფუხში. მას შემდეგ, ყოველ თავისუფალ მანეთს ვხარჯავ ჩემი ბიბლიოთეკის შესავსებად… დღეს, ჩემს ბიბლიოთეკაში 40 ათასი ტომია. მათ შორის არის იშვიათი, უნიკალური, არის ძალზე ძველიც, არის ახალი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სტამბის საღებავის სუნი". აღნიშნული უნიკალური წიგნსაცავი და სამუზეუმო რელიკვიები, პოეტის ანდერძის თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.

    იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს და მისი ნეშტი მიიბარა მთაწმინდის მიწამ. მგოსნის საფლავთან მედუდუკეთა ანსამბლმა ‘‘დილის საარი‘‘ შეასრულა, მთაწმინდას ქალაქური მელოდიის ჰანგები მოეფინა...

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1918)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - რესპუბლიკის სახალხო პოეტი
  • 1950 - სახელმწიფო პრემია

გააზიარე: