The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნესტორ სვიმონის ძე მაჭარაშვილი (დეკანოზი)

ნესტორ სვიმონის ძე მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1931
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ნესტორ მაჭარაშვილი დაიბადა გორის მაზრის სოფელ ალში, სოფელ ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ნესტორი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. კურთხევისთანავე ახალგაზრდა მოძღვარმა აქტიური სასულიერო მოღვაწეობა გააჩაღა.

   1890 წელს მამა ნესტორი ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის საგვერდულით დააჯილდოვეს.

   1891 წელს მთაწმინდაზე, მამადავითის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1892 წელს სკუფია უბოძეს.

   1893 წელს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიასთან არსებულ გერმანულ სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

   1897 წელს მამა ნესტორმა დააარსა საკვირაო საქალებო სკოლა, რომელიც მამადავითის სამრევლო სკოლის დარბაზში განთავსდა. საგნების სწავლება მამა ნესტორმა თავად ითავა. ამ საქმეში მას დახმარება აღუთქვეს წმ. ნინოს სასაწავლებლის მასწავლებლებმა და თავადის ქალმა ელენე ციციშვილმა-ბარათაშვილისამ, შემდგომში, სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია ნინომ. სკოლის გახსნისას მამა ნესტორმა პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ საზოგადოებას საკვირაო სკოლის დადებითი მნიშვნელობა განუმარტა.

   1899 წელს მამა ნესტორს კამოლავკა ეწყალობა.

   1899 წელს მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლი აკურთხეს. შეკრებილი იყო თბილისის თვალსაჩინო საზოგადოება. ტაძარში წირვა შეასრულეს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი). ქადაგება წარმოსთქვა მამა ნესტორმა.

   1901 წელს მამა ნესტორი თბილისის მაზრის მე-7 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

   1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.

   1906 წლის აღდგომის დღესასწაულზე წმ. ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.

   დიდი ღვაწლი მიუძღვის მამა ნესტორს ფუნიკულიორის მშენებლობაში. 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ფუნიკულიორის კომპლექსი. ზეიმს ესწრებოდა მთელი თბილისის საზოგადოება. სიტყვა წარმოსთქვა მამადავითის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ნესტორ მაჭარაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მშენებლებს და ინიციატორებს კარგი საქმის ბოლომდე მიყვანისათვის, გაჭრა ცისფერი ლენტი და გზა გახსნილად გამოაცხადა.

   მამა ნესტორი გახლდათ მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი. მისი ნაშრომი „Житие преподовнаго Давида Гареджийского и Мтацминдская Святаго Давида церковь вь гор. Тифлись”, 1904 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

   1908 წელს მამა ნესტორს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1912 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე  წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1915 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს.

   დეკანოზი ნესტორი, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-3 და მე-4 საეკლესიო კრებებს.

   1917 წლიდან, დეკანოზი ნესტორი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1922 წელს დეკანოზი ქალაქ თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერით დაჯილდოვდა.

   დეკანოზ ნესტორის მეუღლე გახლდათ ეკატერინე ბარნოვი (ვასილ ბარნოვის და) და მათ ჰყავდათ შვიდი შვილი: თამარი, დავითი, ელენე, კონსტანტინე, არჩილი, ვასილი და ლეო.

   საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ ნესტორის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ხელისუფლებამ სამღვდელოება კანონგარეშე გამოაცხადა და დიდად შეავიწროვა. ისიც კომუნისტების მსხვერპლი გახდა.

   1931 წელს, ადამიანი, რომელმაც  მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და ეკლესიას მიუძღვნა, შვილთან და სიძესთან ერთად დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია

  • "საპატრიარქოს უწყებანი" : გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ყოველკვირეული გამოცემა, 2011. - N19, გვ. 17-20

გააზიარე: