The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე

ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1968  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   ვასილ კაკაბაძე დაიბადა 1888 წელს ხონში.

   დაწყებითი განათლება  ხონში მიიღო და სწავლა როსტოვის საშუალო ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა.

   1909 წელს ხარკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა,  რომელიც 1916 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში  აქტიურად მონაწილეონდა სტუდენტურ მოძრაობებში და პარალელურად თანამშრომლობდა  ქართულო პრესაში.

   ვასილ კაკაბაძემ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ერზერუმის რაიონში სამხედრო გზების მშენებლობაზე.

   1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჩვენი ქვეყნის ტექნიკური განათლების განვითარების საქმეს ჩაუდგა სათავეში. იგი ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს და გახლდათ საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი.

   ვასილ კაკაბაძის აქტიური მონაწილეობით თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი გაიხსნა, რომელიც 1929 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ინდუსტრიულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა., სადაც 15 წლის განმავლობაში ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს თავად ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე კათედრას განაგებდა. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქიმიური და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტს და ქიმიური სასუქების ტექნოლოგიების კათედრას.

   1920 წელს კაკაბაძემ საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გამართულ კრებაზე მოხსენება გააკეთა თემაზე: „საჭირო ტექნიკური საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირში“.

    ვასილ კაკაბაძის მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, რომლებიც ძირითადად ქიმიური ტექნოლოგიების საკითხებს ეხება. აგრეთვე მან დაბეჭდა და გამოსცა წიგნი - „მრეწველობის განვითარების საკითხები ჩვენში“. იგი იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი. მეცნიერის უშუალო მონაწილეობით, 1925 წელს, დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი „ტექნიკა და ცხოვრება“, რომლის პირველი რედაქტორიც თავად გახლდათ.

   ვასილ კაკაბაძე საქართველოში საინჟინრო მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ტექნიკური ცნებების შემუშავებაში. იგი იყო ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ ყველა დარგობრივი თუ სხვა ტექნიკური ტერმინოლოგიური კომისიების უცვლელი წევრი. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი ქართულ ენაზე.

   1938 წლიდან გარდაცვალებამდე ვასილ კაკაბაძე გახლდაქთ დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკური გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე და დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით.

   ვასილ კაკაბაძე გარდაიცვალა 1968 წლის 10 მარტს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკური გამგეობა, თავმჯომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 196

გააზიარე: