The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე (თავადი)

ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1825
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1905  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წინანდალი, ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    ზაქარია ჭავჭავაძე დაიბადა 1825 წელს წინანდლის საგვარეულო მამულში გულბაათ ჭავჭავაძისა და ანა ქობულაშვილის ოჯახში. განათლება კერძო სასწავლებელში მიიღო.

    1842 წლიდან, 17 წლის ზაქარია უკვე ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისე იყო და ამ პოლკიდან იწყება მისი სამხედრო კარიერა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება. მისი ღვაწლი დაკავშირებულია ყირიმის, კავკასიის და რუსეთ-თურქეთის ომებთან. 1845 წელს მან მოღვაწეობა დაიწყო პოდპორუჩიკის ჩინით. ყირიმის ომის დროს, კავკასიის ფრონტზე, კაპიტნის ჩინით მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ კი დივიზიონს. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ქიურურ-დარას ბრძოლებში, რომელიც ყარიალის მთებში მიმდინარეობდა. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ ზაქარია ჭავჭავაძე ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ექსპედიციებში მონაწილეობდა უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინით. მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, ხოლო 1863 წლიდან ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკს. პოლკოვნიკი ჭავჭავაძე მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი რეზიდენციის - ლუნიბის ციხე-სიმაგრის იერიშში.

    1871 წელს ზაქარია ჭავჭავაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და 1874-1877 წლებში კავკასიის კავალერიის დივიზიის მეორე ბრიგადას მეთაურობდა.

    1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში ზაქარია ჭავჭავაძე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ომის მსვლელობისას ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. 1877 წლის ივლისში იგი დაინიშნა მოქმედი არმიის ცალკე კაზაკთა რაზმის უფროსად. აღსანიშნავია მის მიერ მიღწეული ორი დიდი გამარჯვება – 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

    1878-1885 წლებში იგი კავკასიის კავალერიის სხვადასხვა დივიზიას მეთაურობდა, მის საპატივცემულოდ ყარსის ფეზი-ფაშას ციხე-სიმაგრეს „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა. 1891 წლიდან ზაქარია ჭავჭავაძე რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალი და 1893 წელს ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტის წევრი გახდა.

    1898 წელს ზაქარია ჭავჭავაძე აყვანილი იქნა იმპერატორის გენერალ–ადიუტანტად და წარჩინების ნიშნით ოფიცრის წოდებებში 50 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის  წმ. ვლადიმერის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

     თადარიგში გასვლის დღეს ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტმა ს. შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა ზაქარია ჭავჭავაძეს: „თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცის და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“  იყო მრავალი მისალმებები, რის შემდეგაც მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით ფირმანი  და „ამომავალი მზის“ ოქროს პირველი ხარისხის ორდენი ალმასებიანი ვარსკვლავით გადასცეს.

    ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის.“

    ზაქარია ჭავჭავაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე გახლდათ ეკატერინე ლუარსაბის ასული ჩოლოყაშვილი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მათ შვილი არ ჰყოლიათ. მეორედ ზაქარია პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ქალიშვილ მარიამზე დაქორწინდა და  მათ ექვსი შვილი შეეძინათ: ალექსანდრე, ელისაბედ, მაქსიმილიან, დავით, ანა და სოფიო.

    ზაქარია ჭავჭავაძე 1906 წლის 4 ნოემბერს, 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა თბილისში და იგი პატივით დაასვენეს სამხედრო ტაძარში. დაკრძალულია წინანდალში, ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე.

    ზაქარია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიაში გახლდათ  ერთადერთი გენერალი, რომელსაც ყველა ჩინი ემატებოდა საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის. გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1902 - წმინდა ვლადიმერის პირველი ხარისხის ორდენი
  • 1897 - ბუხარის „ამომავალი მზის“ ოქროს პირველი ხარისხის ორდენი ალმასებიანი ვარსკვლავით
  • 1890 - ალექსანდრე ნეველის ბრილიანტებიანი ორდენი
  • 1886 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1883 - წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი მახვილებით
  • 1877 - ალმასებიანი ოქროს ხმალი
  • 1877 - წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი
  • 1875 - წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი
  • 1867 - ორდენი ბრილიანტის ბეჭდით იმპერატორის ვენზელით
  • 1865 - წმინდა ვლადიმერისს მესამე ხარისხის ორდენი მახვილებით
  • 1863 - წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი იმპერატორის გვირგვინითა და მახვილებით
  • 1860 - წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი მახვილებით
  • 1859 - წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით
  • 1858 - ოქროს დაშნა
    მამაცობისთვის
  • 1854 - წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი
  • 1853 - წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი
  • 1848 - წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენის იმპერატორის გვირგვინი მახვილებით

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ახალ–ბებუთოვის ქუჩა, ბარონ ნიკალაის სახლი

გააზიარე: