The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი

ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 1907  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

     ნიკოლოზ ხუდადოვი დაიბადა 1850 წელს გორში, სომხური წარმოშობის ოჯახში. თბილისის პირველი გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და 1870 წელს საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაამთავრა.

    1876-1878 წლებში, სერბეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში, ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში, ხოლო შემდეგ ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში. სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში.

    ნიკოლოზ ხუდადოვი სტუდენტობის პერიოდში ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრეებს დაუახლოვდა და კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც მუდმივად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

    საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1880-იანი წლების ბოლოს ხევსურეთში ექიმად მუშაობდა და ამ კუთხის შესახებ, 1890 წელს, რუსულ ენაზე ეთნოგრაფიული ნაშრომიც გამოაქვეყნა. პერიოდულ გამოცემებში წერილებს აქვეყნებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ლიტერატურულ, საქალაქო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

    1890 წელს, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან გარიცხეს.

    ნიკოლოზ ხუდადოვი 1881 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და სხვადასხვა საკითხებზე პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პრესაში.

    1890-იან წლებში არჩეული იყო თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად. 1900-იან წლებში ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა და პარალელურად აქტიურად იყო ჩაბმული 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებსა და საჯარო ლექციებს. ხელს უწყობდა მუშებისთვის უფასო სასადილოების, სამკითხველოებისა და საკვირაო სკოლების დაარსებას.

   1893 წელს, თბილისში სახალხო წარმოდგენების სამართავად შექმნილ სცენისმოყვარეთა წრეს დიდი აღტაცებით შეხვდა და ქალაქის გამგეობას 1892 წელს, ხოლერობის დროს, დაათმობინა ავჭალის ქუჩაზე მდებარე საჩაიე, სადაც საფუძველი ჩაეყარა ხალხურ თეატრს. ხელს უწყობდა მუშა-ხელოსანთა გათვითცნობიერებასა და  ხალხში რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას, თბილისის გაჯანსაღებას.

    1893 წელს წელს ნიკოლოზ ხუდადოვმა თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე, სახაზინო მიწებზე ტყე-პარკი გააშენა, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს.

    ნიკოლოზ ხუდადოვის მეუღლე გახლდათ ანა ვლადიმერის ასული ტიზენჰაუზენი. ჰყავდათ სამი შვილი: მარიამი, ვლადიმერი და ალექსანდრე. ნიკოლოზ ხუდადოვის და, სოფიო ხუდადოვი, ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს.

    ნიკოლოზ ხუდადოვი გარდაიცვალა 1907 წელს თბილისში, „შავრაზმელთა“ რუსული ექსტრემისტული დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან და დაკრძალულია ვერის ძველ სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1881-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: