The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი

ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1912  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

    ეგნატე ხრამელაშვილი დაიბადა 1866 წლის 9 თებერვალს გორის მაზრის სოფელ ეზატში. დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სკოლაში მიაბარეს, ხოლო 1883 წელს ამავე სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1887 წელს დაამთავრა და ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფელ წინამძღვრიანთკარში დაარსებულ სასოფლო–სამეურნეო სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 

    1889 წელს ეგნატე ხრამელაშვილი თბილისში ავლაბრის საქალაქო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1903 წლამდე მოღვაწეობდა.

    1903 წელს ხრამელაშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა და უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის კურსი 1909 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს იგი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის მასწავლებლად  დაინიშნა, სადაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა. ეგნატე ხრამელაშვილმა მეუღლესთან, დარია ხრამელაშვილთან ერთად დააარსა და გამოსცა "სახალხო გაზეთი". მისი დიდი სურვილი იყო, რომ გაზეთი როგორც შინაარსით, ასევე ფასითაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ხელმოკლე მოსახლეობისთვის, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა გაზეთი სხვისთვის გადაეცა. თუმცა, მუდამ ოცნებობდა, ახლო მომავალში იაფფასიანი გაზეთი ისევ აეღორძინებინა.

      ეგნატე ხრამელაშვილი სისტემატურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში, განსაკუთრებით გაზეთებში: "ცნობის ფურცელი", "სახალხო გაზეთი" და ჟურნალში "განათლება". თავის ნაშრომებში იგი ეხებოდა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს: სახალხო განათლების მდგომარეობას, ქართული წიგნის გამოცემასა და გავრცელებას, სოფლის მეურნეობის ამხანაგობის დაარსებას, ბანკისა და კოოპერაციის საკითხს. განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ხრამელაშვილს ქართველი საზოგადოების წინაშე არითმეტიკაში მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით. 1906 წელს დაიბეჭდა "არითმეტიკულ ამოცანათა და რიცხვთა მაგალითების კრებულის" პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი – 1907 წელს. ხრამელაშვილის მათემატიკის სახელმძღვანელო, მცირედი შესწორებებით, რომელიც ცნობილმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძე შეიტანა, მეორედ 1919 წელს გამოიცა. ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელოები შედარებით ორიგინალურად იყო შედგენილი და რამდენადმე აადვილებდა ამ საგნის სწავლებას ქართულ პირველდაწყებით სკოლებში. ამ სახელმძღვანელოების ბოლო გამოცემები ეკუთვნოდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". 

     ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ეგნატე ხრამელაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 17 აგვისტოს ძველი სტილით და დაკრძალულია ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    დღესდღეობით საფლავი დაკარგულია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1910-1912)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: