The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იროდიონ ისააკის ძე ევდოშვილი

იროდიონ ისააკის ძე ევდოშვილი
ოფიციალური სახელი:იროდიონ ისააკის ძე ხოსიტაშვილი
სხვა სახელი:ი. ხ-შვილი   (ფსევდონიმი)
რიგოლეტო ევდოშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1916  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

     იროდიონ ევდოშვილი დაიბადა 1873 წლის 19 მაისს (ძვ.სტ. 7 მაისი) სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, სოფლის ეკლესიის მთავარდიაკონის ისააკ ევდოშვილისა და ევდოკია ხუნაშვილის ოჯახში.

     1890 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მე-3 კლასიდან, აკრძალული წიგნების კითხვის გამო, გამორიცხეს.

    1895 წელს თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შევიდა, პროპორშჩიკობა დაიმსახურა და სამსახური ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში გააგრძელა, სადაც უნტერ-ოფიცერის ჩინი მიიღო, მაგრამ მალევე თადარიგში გადაიყვანეს.

    1897 წელს ბაქოს „ნობელის კანტორაში“ მსახურობდა, მაგრამ მალევე სამშობლოში დაბრუნდა და 1899 წელს სოფელ მაჩხაანის დეპოში დაიწყო მუშაობა.

    1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დაწყების გამო, ჯარში გაიწვიეს და გაამწესეს განჯაში მდგარ ასლანდუზის ბატალიონში, სადაც 1905 წლის დეკემბრის ბოლომდე დაჰყო.

     1908 წელს იროდიონ ევდოშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკში მუშაობდა, მაგრამ 1909 წელს, პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს და 10 თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს, ხოლო ავადმყოფობის გამო ასტრახანში გადააგზავნეს, საიდანაც 1913 წელს დასნეულებული  დაბრუნდა.

     მწერლობა იროდიონ ევდოშვილმა სემინარიაში სწავლის პერიოდში დაიწყო. პირველი ლექსი 1893 წელს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა, შემდეგ იყო ილია ჭავჭავაძის „ივერია“.  თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: „ივერია“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „ნაკადული“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ევდოშვილი წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებსა და პიესებს.

     1896 წელს, იროდიონ ევდოშვილის  პირველი კრებული „ლექსები და პოემები“, იოსებ იმედაშვილმა და სილიბისტრო ჭელიძემ გამოსცეს. 

     1898 წელს, როცა გაზეთ „კვალს“ სათავეში ნოე ჟორდანია ჩაუდგა, იროდიონი მისი მუდმივი თანამშრომელი და რედაქციის მდივანი გახდა, ხოლო 1900-1903 წლებში თითქმის გაზეთის ერთადერთი ხელმძღვანელი.  ამ პერიოდში იროდიონ ევდოშვილმა სცენაზეც სცადა ბედი და „ჰამლეტში“ კასიოს როლი ითამაშა.

     იროდიონ ევდოშვილი, გარდა ლექსების, საბავშვო მოთხრობებისა და ფელეტონებისა,  პიესებსაც წერდა: „ჭრელი სუფრა“, „შრომის ლუკმა“,  „დიდ როლს ვთამაშობ“, „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა“ (პოემა) და სხვა. თარგმნილი აქვს ბერანჟეს, ნადსონის, ჰაინეს, შელის, ჰიუგოს და სხვათა ლექსები.

     1905 წლის რევოლუციამდე, იგი განსაკუთრებით, მუშა ხალხის სოციალურ საკითხებს ეხმიანებოდა, ხოლო როცა დარწმუნდა, რომ ჩვენს მამულში „სისხლი ქართველისაა, მიწა კი სხვისა“,  მამულიშვილურ-ეროვნულ ჰანგზე დაიწყო წერა. მისი ლირიკის მთავარი ჰანგი გაჭირვებული ხალხის ყოფა-ცხოვრების აღწერა და ბრძოლისაკენ მოწოდება იყო. მიუხედავად პირველი რევოლუციის დამარცხებისა და მრავალი სიდუხჭირისა, უკეთესი მომავლისადმი ღრმა რწმენა არასდროს არ დაუკარგავს.

    1906-1907 წლებში, იროდიონ ევდოშვილი ლეგალურად გამომავალ ბოლშევიკურ გაზეთებთან თანამშრომლობდა: „ახალი ცხოვრება“, „ახალი დროება“, „მნათობი“, „ჩვენი ცხოვრება“, „დრო“, ხოლო 1907-1908 წლებში ვალერიან გუნიას ჟურნალ „ნიშადურთან“.

    იროდიონ ევდოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობდა დღითი-დღე უარესდებოდა. პერიოდულად ცემში, წაღვერში და სოხუმში ისვენებდა, მაგრამ უშედეგოდ.

     იროდიონ ევდოშვილი გარდაიცვალა 1916 წლის 2 მაისს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი დაკრძალვის ხარჯები „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ და გაზეთ „სახალხო ფურცლის“ რედაქციამ იკისრა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "მესამე დასი", წევრი (1893-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: