The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე დავითის ძე მესხი

კონსტანტინე დავითის ძე მესხი
სხვა სახელი:К. Ме-хи  (ფსევდონიმი)
Кандама  (ფსევდონიმი)
კ. მ.  (ფსევდონიმი)
კ. მე-ხი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1864
გარდაცვ. თარიღი:1932  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    კონსტანტინე მესხი დაიბადა 1864 წლის 2 ივნისს სიმონეთის მაზრის სოფელ ნახშირის-ღელეში.

     ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, სადაც "ნაროდოვოლცების" ოდესის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა სტუდენტ-ახალგაზრდობასა და პორტის მუშებს შორის. საკუთარ სახლში ბეჭდავდა არალეგალურ წიგნებსა და პროკლამაციებს და ხალხში ავრცელებდა.

    1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სტუდენტების ამბოხება მოხდა, კოტე მესხმა რექტორს სტუდენტთა კომიტეტის მოთხოვნილებები წარუდგინა, რის გამოც შეიპყრეს, გიორგი ლასხიშვილთან ერთად საქართველოში გამოუშვეს და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს.

    1888 წელს მთავრობამ ოდესაში "ნაროდოვოლცების" ფარული ორგანიზაცია აღმოაჩინა, რის გამოც კოტე მესხი თბილისში შეიპყრეს და 1889 წელს ციმბირში გადაასახლეს, სადაც 1894 წლამდე იმყოფებოდა.

    კოტე მესხი "ნაროდოვოლცების" სამხრეთის ორგანიზაციის კოგან-ბერნშტეინის ჯგუფს ეკუთვნოდა. თანამშრომლობდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში და 1905-1906 წლებში „ცნობის ფურცელში“ და „ივერიაში“, სადაც სოციალ-დემოკრატთა წინააღმდეგ წერილებს აქვეყნებდა. იგი თანამშრომლობდა სოციალ-რევოლუციონერთა, მენშევიკთა და ბოლშევიკთა სცადასხვა გამოცემებში.

    1905-1907 წლებში ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. 1906 წლის რეაქციის დაწყების შემდეგ თბილისიდან გადასახლდა.

    კოტე მესხის თაოსნობით, თბილისის პოლიტკატორღელთა საზოგადოებაში შედგა "ნაროდოვოლცები" ჯგუფი, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო. ამ ჯგუფმა მიზნად დაისახა რევოლუციურ მოგონებათა შეკრება-გამოცემა და წევრთა დახმარება.

     1906 წლის 1 იანვარს მისი რედაქტორობით გამოვიდა ესერული მიმართულების გაზეთი „პატარა გაზეთი“, რომლის სულ ოთხი ნომერი დაიბეჭდა. როგორც გაზეთის შინაარსიდან სჩანს, მისი რედაქტორი მტკიცე ეროვნულ პოზიციაზე იდგა და საქართველოს ავტონომიას მიიჩნევდა ქვეყნისთვის სასურველ სტატუსად.

     1917 წლიდან არჩეულ იქნა რევოლუციურ საბჭოში, თბილისის ეროვნულ საბჭოში და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მთელ ამიერკავკასიაში სახელმწიფო დაზღვევის ორგანიზაცია შექმნა. ხშირად გამოდიოდა პარტიულ, საზოგადოებრივ და უმაღლეს კრებებზე მოხსენება-სიტყვებით და გაზეთებში სამეცნიერო ხასიათის წერილებს აქვეყნებდა სახელმწიფო დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ.

     საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არჩეული იყო 15 წევრისაგან შემდგარი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში ესერთა პარტიიდან.

    კოტე მესხი გარდაიცვალა 1932 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

გააზიარე: