The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი

ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი
სხვა სახელი:Intransigant  (ფსევდონიმი)
L  (ფსევდონიმი)
ივ. მა-ნი  (ფსევდონიმი)
კვიმატი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1863
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1943  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის მწერალთა პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ივანე მაჭავარიანი დაიბადა 1862 წლის 5 თებერვალს თბილისში, იმერეთიდან  ქართლში ჩამოსახლებული მაჭავარიანთა შთამომავლის, ორბელიანების მოურავის ოჯახში. პატარა ივანე მწიგნობრობისა და მუსიკის მოყვარულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი ნიკოლოზ  მაჭავარიანი თარზე მუხამბაზ-ბაიათების ეშხიანად დამკვრელ-მომღერალი ყოფილა და თავისუფალ დროს ძველი მწერლობის ძეგლთ უკითხავდა ცოლ-შვილსა და ახლობლებს. პატარა ივანეს აღზრდაში დიდი წვლილი შეუტანიათ მომღერალ ბიძას ხარლამპ სავანელს და დედის ძმას ანტონ ფურცელაძეს.

   ივანე მაჭავარიანი თბილისის I გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის მე-7 კლასიდან იძულებით გამოვიდა გოლა ჩიტაძის რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 

    1883-1888 წლებში,  გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო საგნების კურსს ისმენდა და აკრძალულ წიგნთა კითხვით ცოდნას იფართოებდა.  

    ივანე მაჭავარიანი 1885 წლიდან გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მას სწამდა, რომ ხალხის განვითარების, განთავისუფლების, საქართველოს აღდგენისა და რევოლუციის გამარჯვების საუკეთესო საშუალება მწერლობა იყო და თავისი სიცოცხლის ნახევარ საუკუნეზე მეტი ამ საქმეს შეალია.

    1890 წელს, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ივანე „წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობაში“ შევიდა, სადაც გამგეობის წევრად აირჩიეს, ხოლო შემდეგ  სტამბის გამგედ, ხაზინადრად, სარედაქციო კომისიის წევრად და მდივნად. ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდი ხელნაწერების გამსწორებლად მუშაობდა და პარალელურად,  ყოველ ნომერში ევროპელ ცნობილ მწერალთა რჩეულ ნაწარმოებს და ბიბლიოგრაფიულ წერილებს აქვეყნებდა სარწმუნოების, მთავრობის, ომის შესახებ, აგრეთვე ბიბლიოგრაფიულ წერილებს,

    ივანე მაჭავარიანი ჟურნალ „ნაკადულის“ სარედაქციო კომისიაშიც, როგორც წევრი  მუშაობდა, ხოლო მარიამ დემურიას რედაქტორობის დროს დასაბეჭდი მასალების ენას ასწორებდა, აქაც სრულიად უფასოდ.

    ივანე მაჭავარიანი წერდა მოთხრობებს და თარგმნიდა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებს.

    1899 წელს ივანე მაჭავარიანი ჟურნალისტობას დროებით ჩამოსცილდა და ამიერკავკასიის რკინიგზის კომერციულ ნაწილში მოეწყო, თუმცა მწერლობას კვლავ განაგრძობდა. 1902 წელს კომერციულ აგენტად (ეკონომისტად) დანიშნეს.

     1924-1927 წლებში, რკინიგზის გამგეობის დავალებით, რუსულიდან თარგმნა „ანბანზედ დაწყობილი მაჩვენებელი. სსსრ რკინის გზების ტარიფთა კრებულის სახელდებაში აღნუსხულ საქონლის სახელებისა“, აგრეთვე, შეადგინა: ”რუსულ-ქართული საგზაო ტექნიკური ლექსიკონი“ და ”ქართულ-რუსული საგზაო ტექნიკური ლექსიკონი“, რომლებიც იხმარებოდა, ვიდრე ამიერკავკასიის რკინიგზაზე მიმოწერა ქართულად წარმოებდა.

   ივანე მაჭავარიანი აქტიურ მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა. მას ნათარგმნი აქვს: ტონი რევილიონის „საზღვარი“, ხალხური ზღაპარი „სიკვდილის მონატური სიღარიბე“, ოქტავ მირბოს „კანონიერება“, ოსკარ უაილდის „ჭაბუკი მეფის სიზმარი“, ალექსი ბუვიეს „განა გაიდუკი ქურდი იყო!“, ემილ ზოლას „გამარჯვება ჩვენია“, ანატოლ ფრანსის „ლოცვა და სასწაული“, ვიქტორ ჰიუგოს რომანი „საბრალონი“, მაქსიმ გორკის „იტალიური და რუსული ზღაპრები“, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“ და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც „სახელგამს“ გადასცა დასაბეჭდად. შედგენილი აქვს „ფრანგულ-ქართული ლექსიკონი“, რომლის ნაწილი დაიბეჭდა კიდეც.

    ივანე მაჭავარიანი გარდაიცვალა 1943 წლის 10 მარტს და დაკრძალულია ვაკეში, მწერალთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-1911)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • წიგნების გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა, გამგეობის წევრი (1890-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: