The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ვასილის ძე მაჩაბელი

გიორგი ვასილის ძე მაჩაბელი
სხვა სახელი:Prince Matchabelli  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1885
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1935  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ-იორკი, ლონგ-აილენდის სასაფლაო
კატეგორია:გამომგონებელი, მეწარმე, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   გიორგი მაჩაბელი დაიბადა 1885 წელს ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილ მაჩებელისა და ნინო ვეზირიშვილის ოჯახში.

   გიორგი მაჩაბელმა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა და ბერლინის სამთო აკადემიის გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც დავით ღოღობერიძესთან ერთად ტევტონურ ორდენში გაერთიანდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგიმ მთელი მსოფლიო მოიარა და არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა.

   ბერლინში დაბრუნებისას შვეციაში გაიცნო ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული იტალიელი მსახიობი ქალი ნორინა ჯილი და 1916 წელს ისინი დაქორწინდნენ.

     გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი გახლდათ. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი ბელგიაში იმყოფებოდა, საიდანაც გერმანიაში გადავიდა და "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დაარსა, რომლის ფილიალი საქართველოშიც გახსნა. ის გახლდათ გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან რევოლუციონერებთან.

    გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქრთველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნულ–დემოკრატ მიშო მაჩაბლის ასული მარინა, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს საკითხი აღარ დასმულა.

    გიორგი მაჩაბელი, დამოუკიდებლობის წლებში, გახლდათ საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იტალიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად, ნორინა სცენას დაუბრუნდა.

   1922 წელს გიორგი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადასახლდა. 1924 წელს ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" გახსნა და როგორც საქმოსანმა მალე გაითქვა სახელი. პარალელურად არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli" დააარსა, რომელიც 1920-1930–იან წლებში ამერიკის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა გახლდათ "საქართველოს დედოფალი". პროდუქციის ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელზედაც ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

    გიორგი მაჩაბელმა უბრალო გატაცებიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა.

    გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. პავლე კვარაცხელიასთან ერთად, 1931 წელს, იგი გახლდათ შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.

  1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დაცილდნენ.

   1935 წელს გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა მე-5 ავენიუზე სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. ფილიალების გახსნის მიზნით მან შანხაისა და კალიფორნიში იმოგზაურა, მაგრამ გზაში გაცივდა და 1935 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი ჩანაფიქრი შესრულდა და ნორინა ჯილიმ ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი გახსნა, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით.

   1936 წელს ბრენდი "Prince matchabelli", ნორინა ჯილიმ სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

გააზიარე: