The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლევან დავითის ძე მუღალაშვილი

ლევან დავითის ძე მუღალაშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1872
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1955  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გურჯაანი
კატეგორია:მომღერალი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

    ლევან მუღალაშვილი დაიბადა  1872 წლის 12 თებერვალს გურჯაანში გლეხის ოჯახში. ათი წლის ლევანი გუთანზე სამუშაოდ გააგზავნეს. მან მთელი თავისი ყრმობის წლები მოჯამაგირეობაში გაატარა. 21 წლისა ჯარში წაიყვანეს, სადაც წერა-კითხვა ისწავლა და მეთაურობაც მიიღო.

    1897 წელს, დემობილიზების შემდეგ, ლევანი თბილისს გაემგზავრა სამუშაოს საშოვნელად. პირველად მუშაობა დაიწყო ყარსის რკინიგზაზე,ხოლო ორი წლის შემდეგ მან ყარსის გზაზე მუშაობას თავი დაანება და თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, ინჟინერ პასეკის კანტორაში დარაჯად დაიწყო მუშაობა. ამ დროს გაიცნო სემინარიის სტუდენტი პეტრე კაპანაძე, რომელმაც ნოტები შეასწავლა. პეტრე იყო ლევანის პირველი მასწავლებელი და გზის მაჩვენებელი. როდესაც ლევანი გურჯაანში დაბრუნდა, გულმოდგინედ შეუდგა ხალხური სიმღერების შესწავლას, გაიღრმავა ცოდნა ამ დარგში და დაიწყო ხალხის სამსახური.

   1899 წლიდან გურჯაანის სკოლაში ბავშვებს სიმღერასა და გალობას ასწავლიდა.

   1900 წლიდან ლევან მუღალაშვილი ხალხური სიმღერის შეკრების, შესწავლის, დამუშავებისა და გუნდების საშუალებით ხალხშივე ამ სიმღერის გავრცელების საქმით დაკავდა. ჯერ თავისივე ოჯახში დებსა და ძმებს შეასწავლა სიმღერები, შემდეგ საკუთარ სახლში აიყვანა მოწაფეები, რომელთაც დაუზარებლად ასწავლიდა სიმღერებს. ამ მოსწავლეების მონაწილეობით საეკლესიო და საერო ხალხურ (კახელ) მომღერალთა საკუთარი გუნდი შექმნა, რომელიც საქველმოქმედო მიზნით გამართულ საღამოებზე გამოჰყავდა. ეს საღამოები იმართებოდა თავადების სახლებსა და ეზოებში. ამ საღამოებიდან შემოსული თანხა გურჯაანის ათწლედის შენობის ასაგებ ფონდში შეჰქონდა. საკუთარი ხელით გაშენებული ვენახიც ამავე სკოლას შესწირა.  როცა კახეთში რკინიგზა გაჰყავდათ, ლევანი თავისი გუნდით მომსახურებას უწევდა რკინიგზის მუშებსა და მოსამსახურეებს. ლევან მუღალაშვილის გუნდი ყველა ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გამოდიოდა. ლევან მუღალაშვილი წერდა სიმღერებს და ნოტებზეც თავად გადაჰქონდა.

    1911 წლიდან ლევან მუღალაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

    1923 წელს საზოგადოებრივი მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს.     

   1929 წელს, რეჟისორ აკაკი ფაღავას ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ხალხური შემოქმედების მეორე ოლიმპიადაზე, მისმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო.  ასევე წარმატებით წარსდგა იგი მესამე ოლიმპიადაზე თბილისის საოპერო თეატრში.

   1936 წელს თბილისში, პლეხანოვის სახელობის კლუბში გამართულ შეჯიბრზე გურჯაანიდან ლევან მუღალაშვილის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და დაჯილდოვდა მოსკოვში რკინიგზის საკავშირო ოლიმპიადაზე გაგზავნით, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა.

    1937-1938 წლების ოლიმპიადებზე გურჯაანის მომღერალთა გუნდი კვლავ წარმატებით გამოდიოდა და სიგელებითა და ძვირფასი საჩუქრებითაც იყო დაჯილდოებული.

   1938 წლიდან გურჯაანის მომღერალთა გუნდი რაიონულ ეთნოგრაფიულ გუნდად აღიარეს, ხელმძღვანელად ლევან მუღალაშვილი დანიშნეს და ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნეს. გუნდის წევრები მთავრობის მიერ დაწესებულ თანხიდან საესტრადო ტანისამოსით შემოსეს. 

    მუღალაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ გუნდებს არაერთი ახალი სიმღერა დაუმუშავებიათ და შეუსრულებიათ. მის მიერ დამუშავებული რეპერტუარიდან საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ სიმღერები: "დიამბეგო", "ძველი სუფრული", "მუშური", "მკრთალი ნათელი", "კახეთისადმი"(გრ. ორბელიანის ტექსტი), "მიყვარხარ, ტკბილო კახეთო", "ერთხელ ვნახე მწყემსი ქალი", "ჩამჩურჩულე"(მარიჯანის ლექსი).  იგი ფართო პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში. მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, იგი სიკვდილამდე ხალისით განაგრძობდა მუშაობას, თავის ცოდნას გადასცემდა ახალგაზრდობას.

    ლევან მუღალაშვილი გარდაიცვალა 1955 წლის 31 იანვარს და დაკრძალულია მშობლიურ გურჯაანში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: