The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სტეფანე (სტეპკო) თევდორეს ძე ჭრელაშვილი

სტეფანე (სტეპკო) თევდორეს ძე ჭრელაშვილი
Other name:ნაცნობი  (Pseudonym)
სანოსა  (Pseudonym)
სახო  (Pseudonym)
სპიცი  (Pseudonym)
ტატალა  (Pseudonym)
Date of birth:27 December, 1857
Date of death:3 January, 1917  (at 59 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Public official, Critic, Publicist, Public Figure

Biography

   სტეფანე ჭრელაშვილი დაიბადა 1859 წლის 25 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროში მთავარდიაკვნის ოჯახში. დედა, ლაზარე ოქრომჭედლიშვილის ასული, ძველებურად აღზრდილი, საგანგებო ხელმოსაქმე, „ვეფხისტყაოსნისა“ და „დაუჯდომელის“ ზეპირად მცოდნე ყოფილა. 4 წლისასაკში მამა გარდაეცვალა და სამი დასთან ერთად დედის სინაბარა დარჩა.

   სტეფანემ სოფელ მაღაროს სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა, რომელიც სახელმწიფო ხარჯზე დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა, სადაც, საუკეთესოდ სწავლასთან ერთად, გატაცებით კითხულობდა ფილოსოფიურ და პუბლიცისტურ წიგნებს. მთავრობის შეურიგებელი მტერი იყო და ამას არც მალავდა, რის გამოც, როგორც  სახელმწიფოსათვის დიდად მავნე ახალგაზრდა, სასწავლებლიდან გარიცხეს და 16 წლის ჭაბუკი  ციხეში ჩასვეს, ხოლო უმაღლესმა მთავრობამ რევიზია მოახდინა და სემინარიის მასწავლებლობიდან გადააყენა იაკობ გოგებაშვილი, ინსპექტორი გიორგი იოსელიანი და ნიკო ცხვედაძე, როგორც ვითომ წამქეზებელნი.

     სტეფანე ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, 2 წელი თავის სოფელში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და ზედამხედველობიდან განთავისუფლებული მოსკოვში ბიძასთან, პროფესორ ილია ოქრომჭედლიშვილთან გაემგზავრა.

   1876 წელს ჭრელაშვილმა პეტროგრადის უნივერსიტეტში დაიწყო სიარული, წლისთავზე გამოცდები ჩააბარა და ნამდვილ სტუდენტად ჩაირიცხა. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც დიდად გაიტაცა ხალხოსანთა იდეებმა და მათი წრეების საქმიანობაში აქტიურად ჩაება. აღნიშნულის გამო იგი 1878 წელს დააპატიმრეს და სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მუდმივი ზედამხედველობით. მისი ხალხოსნური ფილოსოფია ემყარებოდა გლეხთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების იდეას, რომელიც ცხოვრების გარდაქმნის ძირითად პირობად მიაჩნდა.

    სტეფანე ჭრელაშვილი სამწერლო ასპარეზზე ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების გარდამავალ ხანაში, 80-იან წლებში გამოვიდა და აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: ჟურნალ „იმედში“, გაზეთ „ივერიაში“, „ცნობის ფურცელსა“, „თემში“, „ნოვოე ობოზრენიასა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

   1885 წელს ჭრელაშვილი კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში, სემიპალატინსკის ოლქის ქალაქ უსტკამენოგორში გადაასახლეს, სადაც თვითგანათლებას დაეწაფა, შეისწავლა ენები და ლიტერატურა სამშობლოში სამოღვაწეოდ.

   1888 წელს, სტეფანე ჭრელაშვილი, ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო და ქალაქის გამგეობაში დაიწყო სამსახური. თბილისში ცხოვრების დროს აგრძელებდა რევოლუციონერებთან ურთიერთობას. მის სახლში ინახებოდა არალეგალური ლიტერატურა, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად მთელ მაზრაში ავრცელებდა,

   იმპერატორი ალექსანდრე III საქართველოში მოგზაურობის დროს, საქართველოს მთავრობამ, საეჭვო პირები და მათ შორის ჭრელაშვილიც, ქვეყნიდან გაიყვანა და გეორგიევსკში გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული კვლავ თბილისის საბჭოს მდივნობას დაუბრუნდა და მსახურობდა იმ დრომდე, ვიდრე სომეხ-თათართა 1905 წლის გამოძიების დროს ურთიერთჟლეტის გამომწვევ დამნაშავედ სომხები დაასახელა. სომხებმა იწყინეს მისი განაჩენი და არჩევნების დროს გააშავეს, როგორც მდივანი.

    1905 წლის მერე კვლავ აირჩიეს ხმოსნად. ბოლო ხანს დღე და ღამე ქალაქის საქმეებს დასტრიალებდა და ძველისძველ საქმეთა მცოდნედ ითვლებოდა, რის გამოც „ცოცხალ არქივს“ უწოდებდნენ.

    სტეფანე ჭრელაშვილი გახლდათ თბილისის ფუნიკულიორის პირველი დირექტორი.

    სტეფანე ჭრელაშვილი გარდაიცვალა 1917 წლის 2 იანვარს და დაკრძალულია  დიდუბის ეკლესიის გალავანში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1911)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ალექსანდრეს ქუჩა N 21

Share: