The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე

ვლადიმერ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე
სხვა სახელი:ვ.ლ.-ძე  (ფსევდონიმი)
ვახუშტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1909  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის წმინდა ნინო სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

    ვლადიმერ ლორთქიფანიძე დაიბადა 1872 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ დიდ-ჯიხაიშში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესაში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა და რომელიც 1896 წელს ოქროს მედლით დაამთავრა. წარმატებულ კურსდამთავრებულს, საპროფესოროდ მოსამზადებლად, იქვე დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მან არ ისურვა, სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1897 წელს ისტორიის შესასწავლად გერმანიაში გაემგზავრა. ჯერ ქალაქ იენში სწავლობდა, ხოლო შემდეგ ლეიპციგის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, თუმცა მალევე, ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

      ვლადიმერ ლორთქიფანიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ისტორიას ასწავლიდა და პარალელურად მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ-პარტიულ საქმიანობაშიც. 1901 წელს, საქართველოს რუსეთთან მიერთების ასი წლის თავთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და თავის ბინაზე საპროტესტო ფურცლებიც დაბეჭდა.

      ვლადიმერ ლორთქიფანიძე თავდაუზოგავად მუშაობდა როგორც პედაგოგი და როგორც მწერალი-ჟურნალისტი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. მისი პუბლიცისტური წერილები, ფელეტონები, თარგმანები და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, დაწესებულებათა თუ უცხოეთის შესახებ ცნობები  იბეჭდებოდა: „ცნობის ფურცელში“, „საქართველოში“, „დროებაში“,  „შრომაში“ და „ივერიაში“. მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „ნაკადულის“ დაარსებაში და გარკვეული პერიოდი მისი თანამშრომელიც იყო.

     ვლადიმერ ლორთქიფანიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

    1901 წელს ვლადიმერმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის დაარსებაში და სიცოცხლის ბოლომდე პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი გახლდათ. მისი ენერგიული მოქმედებით ქართველ სოციალისტ-ფედერალისტები გაერთიანდნენ არა როგორც რუსეთის თანამოსახელე პარტიასთან არსებული ავტონომიური ჯგუფი, არამედ როგორც დამოუკიდებელი პარტია. რწმენით სოციალისტი, განათლებული და ნიჭიერი, დაუღალავად ემსახურებოდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობას. ავრცელებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ და სოციალისტურ იდეებს, მოითხოვდა საქართველოს შელახულ უფლებათა აღდგენას, უცხოთა ბატონობისაგან ქართველი ხალხის პოლიტიკურ-ეკონომიურ განთავისუფლებასა და საქართველოს ავტონომიას. სამსონ ფირცხალავას დახასიათებით, ლორთქიფანიძე იყო ერთი იმ პირველთაგანი, რომელთაც შეიმუშავეს სოციალ-ფედერალიზმი და გაიტანეს ცხოვრებაში. იგი თავიდანვე ერთგული მოძღვარი იყო თავისი რწმენისა და ყოველთვის იბრძოდა კალმითა და სიტყვით. ბევრი ტანჯვა მიიღო, ბევრი შევიწროება და განსაცდელი, მაგრამ მაინც დიდი იმედით შეჰყურებდა ქართველი ხალხის მომავალს და მის ხსნას ხედავდა სოციალისტური წესწყობილების დამყარებასა და ეროვნულ განთავისუფლებაში.

    ვლადიმერ ლორთქიფანიძე პოლიტიკური საქმიანობისთვის მეფის მთავრობისგან მუდმივ დევნას განიცდიდა. ორჯერ იყო დაპატიმრებული. პირველად მძიმე სასჯელს 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გადაურჩა, ხოლო მეორედ, 1906 წელს, არალეგალური სტამბა და პარიზში დაბეჭდილი „საქართველოს“ ნომრები აღმოუჩინეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

    ვლადიმერ ლორთქიფანიძეს ჰყავდა მეუღლე - პედაგოგი, სცენისმოყვარე და სახალხო თეატრის ერთ-ერთი პირველი მოღვაწე ეკატერინე წულუკიძე და სამი ვაჟი.

    ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ჭლექით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა 1909 წლის 27 ივნისს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ–ფედერალისტთა პარტია, ერთ–ერთი დამაარსებელი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: