The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვარლამ დავითის ძე ძიძიგური

ვარლამ დავითის ძე ძიძიგური
სხვა სახელი:ვარლამ  (ფსევდონიმი)
ვარლამ იმერელი  (ფსევდონიმი)
მათხოჯელი  (ფსევდონიმი)
მასწავლებელი  (ფსევდონიმი)
მორიგე  (ფსევდონიმი)
ციმბირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1957  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ვარლამ ძიძიგური დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ მათხოჯში გლეხის, დავით ძიძიგურის ოჯახში, რომელიც ქართულ მწიგნობრობაში ფრიად განსწავლული და დასავლეთ საქართველოში ჭკუითა და იშვიათი აღმზრდელობითი ხასიათით გამოირჩეოდა. 1879 წელს მისი დაარსებული იყო მათხოჯის უძველესი კოოპერატივი. დედა, ფოტინე ხელაია, სათნო და გულკეთილი, ღარიბ-ღატაკთა შემბრალე და დამხმარე ქალბატონი ყოფილა.

   ვარლამ ძიძიგურმა ხონის სემინარია დაამთავრა და დამთავრებისთანავე მასწავლებლად მუშაობდა კულაშში, გორდში, ართვინში, ცაგერსა და ხონში. პროვინციაში მოღვაწეობის პერიოდში ვარლამი ხელს უწყობდა კულტურულ მუშაობას სამკითხველოების დაარსებითა და სკოლების გახსნით. ამავე დროს, იგი 1911 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1913 წელს, მისი თაოსნობით, სოფელ მათხოჯის სახალხო სახლის აშენება დაიწყო, რომელშიც საცდელ-საჩვენებელი სასწავლებელი, ფოსტა-ტელეგრაფი, აფთიაქი, საექიმო პუნქტი, კოოპერატივი და თეატრი იყო მოთავსებული. შენობა სამი კორპუსისა და 36 ოთახისგან შედგებოდა. ეს სახალხო სახლი მშენებლობის პერიოდშივე ხანძარმა გაანადგურა, მაგრამ ვარლამისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით თავიდან იქნა აშენებული. ამ პერიოდშივე მან გამოცდები ჩააბარა დაწყებითი სასწავლებლების მასწავლებლის უმაღლესი ხარისხის მოსაპოვებლად. საშუალო სასწავლებლების მასწავლებლის კურსები მოისმინა და 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების დარგზე ჩააბარა, რომელიც 1922 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტროში მდივნად, ხოლო დამფუძნებელი კრების მოწვევის შემდეგ თბილისის მე-15 ცხრაწლედში მასწავლებლად მუშაობდა.

   ვარლამ ძიძიგური სამწერლო ასპარეზზე 1908 წელს გამოვიდა. მისი პირველი ლექსი ჟურნალ „ნიშადურის“ N31-ში დაიბეჭდა. აკაკის იუბილეზე მან, როგორც სოფელ მათხოჯის გლეხთა და ხონის სემინარიის წარმომადგენელმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ამის შემდეგ იგი წერდა ლექსებს, წერილებსა და ფელეტონებს „იმერეთში“, „კოლხიდაში“, „ცნობის ფურცელში“, „დროებაში“, „ნიშადურში“, „განათლებაში“, „Закавказье“-ში, „თეატრი და ცხოვრებაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ვარლამ ძიძიგური თავის წერილებში, უმთავრესად, პედაგოგიურსა და ეროვნულ საკითხებს ეხებოდა. მან ა. გვახარიასთან ერთად შეადგინა „პირველი წიგნი“, რომელიც საქართველოს სამეცნიერო-პედაგოგიური სექციის მიერ მოწონებული იქნა და 1926 წელს ორ გამოცემად დაიბეჭდა კიდეც.

   1925 წელს, ვარლამ ძიძიგურის თაოსნობით, აღდგენილი იქნა მათხოჯის დამწვარი სახალხო სკოლა, რომელშიც შვიდწლიანი სკოლა განთავსდა.

   1941-42 წლებში თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარს მიღმა ილია ჭავჭავაძის მკვლელის, გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა. ამ სასამართლო პროცესს საზოგადო მოღვაწე ვარლამ ძიძიგურიც ესწრებოდა, რომელმაც ბერბიჭაშვილს მიაძახა: "უტიფარი ხარ ბერბიჭაშვილი".

    ვარლამ ძიძიგური მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ აღორძინებასა და ეროვნული თვითმყოფადობის გათვითცნობიერების საქმეს ემსახურებოდა. 1939 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით. ჰყავდა მეუღლე მარიამ (ცობო) მიქელაძე და ორი შვილი: შოთა და კაკო ძიძიგურები.

   ვარლამ ძიძიგური გარდაიცვალა 1957 წელს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად. გარდაცვალების შემდეგ, 1959 წელს, მათხოჯის საშუალო სკოლას ვარლამ ძიძიგურის სახელი მიენიჭა, ხოლო 1979-1980 წლებში სკოლის ეზოში დაიდგა მისი ბიუსტი, რომლის ავტორი გახლავთ თენგიზ ღვინიაშვილი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1911-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: