The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ია ეკალაძე

ია ეკალაძე
ოფიციალური სახელი:იაკობ თომას ძე ცინცაძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1872
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 1933  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    იაკობ ცინცაძე დაიბადა 1872 წლის 25 მარტს (ძვ. სტ.) ჩრდილოეთ კავკასიაში, თერგის ოლქის სოფელ ციმისში მღვდლის ოჯახში. მომავალი მწერლის მამა, გურული თომა ცინცაძე, ჩოხატაური რაიონის  ბუკისციხიდან იყო გადმოსული და მთავარ-დიაკვნად მუშაობდა. ოჯახი სოფელ ჯავაში ცხოვრობდა და იაკობიც იქვე სწავლობდა სამრევლო სკოლაში.

    1881 წელს მშობლებმა იაკობი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან ექვსი წელი დაჰყო და სადაც მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცნობილი ხალხოსანი მწერალი და პედაგოგი, სოფრომ მგალობლიშვილი იყო. 1885 წელს მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაარსდა ხელნაწერი ჟურნალი „შრომა“, რომლის რედაქტორ-გამომცემლები თავად მოსწავლეები იყვნენ.

    1887 წელს იაკობ ცინცაძემ წარმატებით დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მეტად გაუსაძლისი ატმოსფერო სუფევდა. სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ იქაურობა სიბნელით მოცულ საპატიმროს დაემსგავსა, სადაც სკოლის გარეშე საკითხავი წიგნისა და რაიმე პერიოდული გამოცემის შეტანა წარმოუდგენელი იყო. იაკობ ცინცაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ სემინარიელთა გამოსვლებისა და გაფიცვისა, რომელიც 1893 წლის 1-4 დეკემბერს მოხდა. სემინარიელები ითხოვდნენ ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სრულუფლებიანი სწავლების შემოღებას. სემინარიის ადმინისტრაციამ, არათუ შეისმინა მოსწავლეთა პროტესტი, არამედ უფროსი კლასები დახურა და მოსწავლეები სემინარიიდან გარიცხა.

    1894 წელს, სემინარიიდან გარიცხული იაკობ ცინცაძე გაზეთ „ივერიაში“, „თომაანთ კობას“ ფსევდონიმით თავის პირველ მოთხრობას - „ილიკო ბედენაძეს“ ბეჭდავს, რითაც იგი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის ყურადღებას იპყრობს. ამას მოჰყვა რამდენიმე საინტერესო ესკიზი და ნოველა და ავტორი რედაქციის მუდმივ თანამშრომლად ჩაირიცხა.

    1894 წლიდან იაკობ ეკალაძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას და პარალელურად  გაზეთ „ივერიაში“ თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნებას აგრძელებდა. 1896 წელს იაკობ ეკალაძემ „ივერიაში“ დაბეჭდა ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრობა „სურათები მოსწავლეთა ცხოვრებიდან“, სადაც მკაცრად იყო გაკრიტიკებული სემინარიაში გამეფებული დამამცირებელი რეჟიმი და იეზუიტური მეთოდები. ამ მოთხრობის გამო, სასულიერო წრეების კატეგორიული მოთხოვნით, მთავრობამ 1896 წლის 17 მაისს გაზეთი „ივერია“დახურა, ხოლო „გათავხედებული მწერალი“ სამი წლით ლენქორანში გადაასახლა.

    1899 წელს იაკობ ეკალაძე სამშობლოში დაბრუნდა და ია ეკალაძის სახელით, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, განაგრძო თავისი მოთხრობების ბეჭდვა. 1905 წელს იგი კვლავ „ივერიაში“ იწყებს მუშაობას, მაგრამ 1905 წლის რევოლუციის მოვლენებთან დაკავშირებით რედაქცია მალევე დაიხურა. იმ ხანებში შექმნილი ვითარებით ია ეკალაძე იბრუნებს სემინარიაში წართმეულ უფლებას და 1906 წელს, 34 წლის ასაკში, ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს, რომელიც 1911 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

     იაკობი სამშობლოში დაბრუნებისთანავე პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა და 1911-1912 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლობდა. სხვადასხვა დროს იგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა  ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში, ჩოხატაურში გიმნაზიის დირექტორად, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლანჩხუთში, ხაშურში, ონსა და თელავში. იაკობის დაუდგრომელი ბუნება მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. 1911 წელს მან დააარსა ყოველდღიური გაზეთი „ქართლი“, რომელიც ორი წლის განმავლობაში რეგულარულად იბეჭდებოდა და მასში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები: ვაჟა-ფშაველა. იროდიონ ევდოშვილი, შიო არაგვისპირელი, იოსებ გრიშაშვილი, სეზმან ერთაწმინდელი და სხვები. იაკობის გორიდან წასვლის შემდეგ 1914-1915 წლებში ამ გაზეთს „ახალი ქართლის“ სახელით დავით კარიჭაშვილი გამოსცემდა.

    1915 წელს იაკობ ეკალაძემ გამოსცა ყოველდღიური გაზეთი „სამშობლო“, რომელსაც თავად რედაქტორობდა და რომელსაც ყოველკვირეული სურათებიანი დამატებაც ახლდა. ამავე დროს იაკობი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში: „იმერეთი“, „სახალხო გაზეთი“, „განათლება“, ალმანახში „გრდემლი“, „კლდე“, „საქართველო“ და სხვა.

    ია ეკალაძის კალამს ეკუთვნის  მოთხრობები: „ილიკო ბედენიძე“, "დაუდეგარი", "თეო", „თევდორე მღვდელი“, "ჩემი ცოდვა გქონდეს!", "კრებაზე", რომანი  „ნომერი 21 ჯვრით“ და „ილია“. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ია ეკალაძეს ეკუთვნის ასევე თეთრი ლექსები, რომლებსაც "ლექსისებურს" უწოდებდა. იაკობს ნათარგმნი აქვს რენანის „ცხოვრება იესოსი“, არტურ მნოცლერის „ფერხული“, იბსენის „მოჩვენება" და სხვა. იგი ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი, რომელთა შორის აღსანიშნავია: „სამართლის მეცნიერება“ და „თეორია სიტყვიერებისა“.

    ია ეკალაძემ გამოსცა „ქართული მწერლობის ანთოლოგიის“ სამტომეული, სადაც პერიოდების მიხედვით შესულია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშები.

   1933  წლის 11 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ვერაზე გზად მიმავალი ია ეკალაძე უეცრად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: