The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ (მიხა) იოსების ძე ჩოდრიშვილი

მიხეილ (მიხა) იოსების ძე ჩოდრიშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1853
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1929  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ხუდადოვის ძმათა სასაფლაო
კატეგორია:მუშა, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   მიხეილ ჩოდრიშვილი დაიბადა 1853 წლის 15 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში. რვა წლისა, სოფელ კარდენახში, ერთ-ერთ გლეხთან მოჯამაგირედ დააყენეს. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ 5 მცირეწლოვანი შვილი თბილისში ჩამოიყვანა და მიხა სადურგლო სახელოსნოში სასწავლებლად მიაბარა.

   1868-1869 წლებში სხვადასხვა საწარმოებში მუშაობდა.

   1870-იან წლებში ზეიცერის სადურგლო ქარხანაში მუშაობდა. ქარხანაში მუშებს მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა და მოწინავე მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს. მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულებული იქნა, მაგრამ მოთავე მუშები და მათ შორის ჩოდრიშვილიც სამსახურიდან დაითხოვეს.

    1880-იან წლებში ჩოდრიშვილი დაუახლოვდა ხალხოსანთა ჯგუფს და კავშირი დაამყარა სემინარიელთა ჯგუფთან, რომელთაც იგი „ქარგალთა კავშირთან“ დაახლოეს. შეიქმნა საგანმანათლებლო წრეები და სისტემატურად დაიწყო რევოლუციური ხასიათის მეცადინეობა.

   1884 წელს ჩოდრიშვილის ბინაზე შედგა კრება, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად სამართლიანად სცნო იმპერატორ ალექსანდრე II  მკვლელობა. ერთხმად დაადგინეს საიდუმლო სტამბის მოწყობა, რაც მიენდო ჩოდრიშვილს, მის ძმას ზაქროსა და გოლა ჩიტაძეს. რუსთაველის გამზირზე ლუდხანა მოაწყვეს, სადაც იმართებოდა არალეგალური კრებები, რევოლუციურ ჯგუფთა სჯა-კამათი პოლიტიკურ და სხვა საკითხებზე. პოლიციამ მალე შენიშნა ეს ლუდხანა, დახურა და ჩოდრიშვილიც შეიპყრო.

   1890-იან წლებში ჩოდრიშვილის მეთაურობით თბილისში, მადათოვის კუნძულზე გაიხსნა ქართველ ხელოსან-დურგალთა საამხანაგო ქარხანა „შრომა“. რამდენიმე მოწინავე ცნობილმა ხელოსანმა,  საერთო კეთილდღეობის მოსაპოვებლად, თავისი კერძო სახელოსნო მოშალა, დაზგები საერთო სახელოსნოში გადაიტანა და ამხანაგებთან ერთად, საამხანაგო შრომაში ჩაება. ინტელიგენტთაგან ამ ამხანაგობის წევრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ანტონ ფურცელაძე, კონსტანტინე მამაცაშვილი, ლევან ფურცელაძე და სხვები.

   1894 წელს ჩოდრიშვილი „მესამე დასს“ მიემხრო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ, ჩოდრიშვილი მისი დაუცხრომელი წევრი შეიქმნა, პარტიული განხეთქილების დროს – პირველი დღიდანვე ბოლშევიკთა ბანაკში გადავიდა. რევოლუციურ-პარტიულ დარგში მისი უმთავრესი საქმიანობა იყო არალეგალური სტამბების მოწყობა, პარტიული არალეგალური ლიტერატურის ბეჭდვა-გავრცელება და ყოველგვარი საიდუმლო პარტიული ტექნიკური სამუშაო.

   ჩოდრიშვილის სარდაფ-სადურგლო რევოლუციონერთა თავშესაფარს წარმოადგენდა. თვით მიხა ცნობილი იყო, როგორც დაკვირვებული, ფრთხილი, გამოცდილი, საუკეთესო ორგანიზატორი და თბილისელ მუშა-დურგლების პირველი კომუნისტურად აღმზრდელი.

   1896 წელს, პარტიულ-რევოლუციური მუშაობისათვის, მეფის მთავრობამ ჩოდრიშვილი მეტეხის ციხეში ჩასვა და 1908 წელს დონის როსტოვს გადაასახლა 5 წლით, საიდანაც 1914 წელს დაბრუნებისთანავე, თბილისში კვლავ არალეგალურ პარტიულ მუშაობაში ჩაება.

   1919 წელს მიხა ჩოდრიშვილი მენშევიკებმა დააპატიმრეს და გასაბჭოებამდე ბათუმის ციხეში იჯდა. საქართველოს გასაბჭოებისთანავე არჩეულ იქნა რევტრიბუნალის თავმჯდომარედ, შემდეგ – რემედასის თავმჯდომარედ და ცაკის წევრად.

    მიხა ჩოდრიშვილი, პრაქტიკული მუშაობის გარდა, დროგამოშვებით ჟურნალ-გაზეთებშიც წერდა, უმთავრესად პროფესიულ-რევოლუციური საკითხების შესახებ მოგონებებს.

   მიხეილ ჩოდრიშვილი გარდაიცვალა 1929 წლის 25 დეკემბერს და დაკრძალულია ხუდადოვის ტყეში ძმათა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ბოლშევიკური კომიტეტი, წევრი (1917-)
  • კომუნისტური პარტია, წევრი (1896-)
  • საქართველოს სსრ და ასფსრ (ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა) ცაკი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: