The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით გიორგის ძე ჩიქოვანი

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი
სხვა სახელი:გორდელი  (ფსევდონიმი)
დ. გიორგაძე  (ფსევდონიმი)
დ. ნინოშვილი  (ფსევდონიმი)
სუჩხელ-სუმაჯახელი  (ფსევდონიმი)
ჯავიდ-ბეი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1943  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:აგრონომი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    დავით ჩიქოვანი დაიბადა 1887 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ სუხჩეში.

    1908 წელს დავითმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა და ბიძის დახმარებით სწავლის გასაგრძელებლად ბელგიაში გაემგზავრა,სადაც ლიეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტში სინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა და ორი წლის მანძილზე ინჟინერიას სწავლობდა.

    1910 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს სტამბულში გაემგზავრა, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, ქართველ მაჰმადიანთა და ზოგადად ოსმალეთის ცხოვრების შესახებ „სახალხო გაზეთს“ წერილებს უგზავნიდა.

   დავით ჩიქოვანმა სტამბულში ირ. ტატიშვილის, პიო ბალიძის, შ. ვარდიძის, მარკო ნინოშვილისა და სხვათა დახმარებით, ქართველ მაჰმადიანთათვის, ოსმალეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული წესდებით „გურჯი თააუნჯე მიეთ“ ("ქართველთა დამხმარე საზოგადოება“) საზოგადოება დააარსა.

   1911 წელს დავით ჩიქოვანი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სტიპენდიით პეტროგრადში გაემგზავრა და უმაღლეს სამეურნეო კურსებზე განაგრძო სწავლა, რომელიც 1915 წელს დაამთავრა.

   დავითი, ომში გაწვევის გამო, ფინეთის სახალხო რკინიგზათა სამმართველოში შევიდა და ჰელსინგვორში მსახურობდა. აქედან თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოში“.

   1917 წელს, რევოლუციის პირველ დღეებშივე, სამშობლოში დაბრუნდა. თავიდან სოციალ-ფედერალისტთა პარტიის აქტიური წევრი იყო და ანარქო-კომუნიზმის მომხრე ფრთას ეკუთვნოდა, შემდეგ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მიეკედლა და იოსებ იმედაშვილის მიერ დაარსებულ გაზეთ „ხალხის ერთობა“-ში და „ხალხის თავისუფლება“-ში თანამშრომლობდა, ხოლო ბოლოს რადიკალურ-დემოკრტიულ გლეხთა პარტიაში გაერთიანდა და ამ პარტიის გაზეთ „ჩვენ რესპუბლიკას“ და ყოველკვირეულ „გლეხს“ რედაქტორობდა.

   1918 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს.

   1919 წლის თებერვალში რადიკალურ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვა. იმავე წელს სახელმწიფო კონტროლის ვიცე-დირექტორად დაინიშნა. 

    1920 წელს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა და საქართველოს ეროვნული პარტიები გაერთიანებაზე შეთანხმდნენ და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას „მიწის მესაკუთრეთა დემოკრატიული პარტია“ უწოდეს. ამ დროიდან დავით ჩიქოვანი პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდა.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ სამშობლოში დარჩა და სახელმწიფო კონტროლის სისტემაში განაგრძო მუშაობა.

   1922 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველად გადაიყვანეს.

   1923-1924 წლებში ჩაქვის სახალხო მამულის გამგედ მუშაობდა და პარალელურად მიწის სახალხო კომისარიატში საქმეთა მმართველობა ებარა. 1925 წლიდან უმუშევარი იყო.

   1928 წელს სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ აჭარაში თურქეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისათვის დააპატიმრა და ექვსი თვით გამოსასწორებელ სახლში ჩასმა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 1929 წელს, შრომითი საქმიანობის დაწყების უფლებით გაათავისუფლეს.

    1931-1934 წლებში საბჭოთა სამართალდამცავი სტრუქტურები რამდენჯერმე დაინტერესდნენ მისი საქმანობით. მომდევნო პერიოდში დავით ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები უცნობია.

   დავით ჩიქოვანი გარდაიცვალა გარდაიცვალა 1943 წელს.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1915)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: