The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კესარიოსი (არქიმანდრიტი)

კესარიოსი
ოფიციალური სახელი:კესარიოსი იოანეს ძე ჩეკურიშვილი
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1901  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მთავარ ტაძარში.
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   კესარიოს ჩეკურიშვილი დაიბადა 1829 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ შაშიანში მღვდლის ოჯახში. წერა-კითხვა და პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

   1843 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1849 წელს დაამთავრა და იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს. მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და აკურის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში დაინიშნა.     1857 წელს თელავის მაზრის I ოლქის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1859 წელს, თავისი თხოვნით, შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და 1860 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

    1860 წელს ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს. ამავე წელს ბერად აღიკვეცა და სახელად კესარიაოსი ეწოდა. 1860 წლიდან ხირსის მონასტრის ხაზინადარი გახლდათ. 

   1861 წელს, 1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი უწყალობეს. 1863 წელს, თავისი თხოვნით, თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და 1865 წელს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. ამავე წელს, ეგზარქოსმა ევსევიმ, 5 წლის მანძილზე მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის პოსტზე პატიოსანი სამსახურისთვის წმყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

    1867 წელს ფერისცვალების მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა და ამავე წელს მონასტრის ახალი ფლიგელების აღმშენებელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს. 1868 წლიდან დროებით დაევალა ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრობა.

    1869 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა, მონასტრის საქმეების კეთილად წარმართვისთვის 50 ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა და საკურთხებლად გამზადებულ პირთაგან აღსარებების ჩაბარება დაეკისრა.

    1870 წლიდან ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულება დაევალა. ერთი წლის შემდეგ წინამძღვრად დაადგინეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წელს, ერთი თვით, თავრიზში არსებულ რუსეთის იმპერატორის გენერალურ საკონსულოში მსახურების ჩასატარებლად მიავლინეს.

    1871-1874 წლებში წმინდა სინოდის დადგენილებით, შეთავსებით განაგებდა ბოდბის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარსაც. 1874 წელს ბოდბის ტაძრისა და გალავნის შიგნით მდებარე შენობების აღმდგენელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს.

    1876 წელს თბილისის ფერსიცვალების სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

   1884 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1889 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს.

   1893 წელს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უწყალობეს.

   1898 წელს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვნით შემკული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა.

    1900 წელს მშობლიური სოფლის შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გარემონტებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

    არქიმანდრიტი კესარიოსი გარდაიცვალა 1901 წლის 11 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მთავარ ტაძარში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1901)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1898 - იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვინით შემკული გამშვენებული ჯვარი
  • 1893 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1861 - წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი
    1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვრო

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, დარიას დედათა მონასტერი

გააზიარე: