The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი (ეპისკოპოსი)

პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი
ოფიციალური სახელი:პეტრე კონჩუევი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1909  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალავერდის ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     პეტრე კონჭოშვილი დაიბადა 1836 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეში მღვდლის ოჯახში. მამამისი, მღვდელი დავითი საბუეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური იყო, რომელიც 1846 წელს გარდაიცვალა. დედა ოთხ შვილს – მათეს, პეტრეს, სოლომონსა და მელანიას მარტო ზრდიდა და ცდილობდა მათთვის არაფერი მოეკლო. უფროსი ძმა მათეც საბუეს ეკლესიის მედავითნე გახლდათ. ამ უბრალო ქართულ ოჯახში ძლიერი იყო თვითნაბადი, ხალასი ნიჭი და ქვეყნის სიყვარული. ასეთ გარემოში ჩამოყალიბდა პატარა პეტრეს პიროვნება. მოგვიანებით, 1899 წელს, დეკანოზი პეტრე წერდა: "სიყრმიდგან ჩემიდგან, რაც კი თავის ცნობაში მოვსულვარ, რაც კი ჩემ საყვარელ მშობელთაგან შემისწავლია პირჯვრის გამოსახვა და შევიძელ ხსენება და გამოთქმა სახელისა ყოვლად ტკბილისა უფლისა იესო ქრისტესი... იმ დროიდან, მარად-ჟამს ჩემთვის სანატრელი შეიქმნა მიმოხილვა და მოლოცვა წმინდა ადგილთა". ეს ნატვრა მან მართლაც აისრულა და ქართულ სამოგზაურო ჟანრის ლიტერატურას შესანიშნავი წიგნიც შესძინა. პეტრე კონჭოშვილმა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, მოგვიანებით კი, 1859 წელს, თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც თელავის სასულიერო სასწავლებელში დაბალი კლასების მასწავლებლად განამწესეს. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, შესანიშნავად შეისწავლა წმინდა წერილი, წმინდა მამათა ნაწერები, კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან ყველაზე მეტად ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია შეიყვარა და მთელი სიცოცხლე მშობლიური ენისა და სარწმუნოების უფლებებისათვის იღვწოდა. ამიტომ ისმის გულიდან ამოძახილივით მისი სიტყვები: "მშობლიურ ენაზე უტკბილესი ხომ არა რომელიმე სხვა ენა იქმნების".

     მე–19 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პეტრე კონჭოშვილი დაქორწინდა მართა მახვილაძეზე. 1861 წელს იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ლიახვის ხეობაში, სოფელ ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ჯავაში მამა პეტრე შეხვედრია ცნობილ ისტორიკოსს, დიმიტრი ბაქრაძეს, იმ დროს კოლეგიის ასესორს. იგი პეტრე კონჭოშვილს კავკასიის ამ რეგიონში მოღვაწე სამღვდელო პირთა შორის მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე "ნიჭიერსა და სანდოს". 

    მე–19 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საინგილოში ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ლეკებმა მოკლეს გენერალი შალიკაშვილი, გაანადგურეს მისი რაზმი, ზაქათალის ოლქში მოქმედი 12 სამრევლოდან დარჩა მხოლო სამი: კახის, ალიბეგლოსა და ყორაგანის. ამასთან დაკავშირებით, 1865 წლის 16 ნოემბრიდან მღვდელი პეტრე კონჭოშვილი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამ გადაყვნით ჩანს, რომ მამა პეტრეს იქ განსაკუთრებული მისია უნდა შეესრულებინა. მართლაც, საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და იქ მსახურების სამი წლის განმავლობაში მამა პეტრემ შეძლო დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება. მისი მეუღლე – მართა მახვილაძე, რომელიც 1896 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში. ეს ქალბატონი იყო ნამდვილი მაგალითი ქრისტიანი მისიონერი დედებისა. მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მან, მეუღლესთან ერთად, ქართულ საქმესა და ქრისტიანობის გავრცელებას შეალია. საინგილოში, კერძოდ, სოფელ კახში მას თურმე "დედა მართას" ეძახდნენ პატარა ინგილო ბავშვები, რომელთაც ფოფოდია პირჯვრის გამოსახვას, ლოცვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდა. მართა მახვილაძე-კონჭოშვილზე პატარა მოგონება შემოგვინახა მისმა ყოფილმა მოწაფემ, შემდეგომში ცნობილმა ინგილო ისტორიკოსმა, მოსე ჯანაშვილმა. 

     1868 წლის 11 ივნისს მამა პეტრე თბილისში გადმოჰყავთ და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად ნიშნავენ. ამავე წლის 1 სექტემბერს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მოძღვრად და მასწავლებლად, სადაც მთელი 37 წლის განმავლობაში ღირსეულად მოღვაწეობდა. 1909 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგიდან ვიგებთ, რომ საღვთო სჯულის სწავლებასთან ერთად, იგი მტკიცედ იბრძოდა ქართველი მოწაფეების რუსიფიკატორი ბერების "მზრუნველობისაგან" დასაცავად. თუმცა მამა პეტრე ჩიოდა, რომ ხშირად სხვა მღვდლები სათანადოდ ვერ უჭერდნენ მხარს და უმცირესობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ პერიოდში დაიწყო მამა პეტრეს უანგარო ქველმოქმედება. პირველ რიგში, მას თავისი კუთხე, კახეთი არ ავიწყდებოდა. საბუის ეკლესიას მან ძვირფასი საეკლესიო ინვენტარი შესწირა, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიას – სახარება და ბარძიმ-ფეშხუმი. საბუეში ააგო ეკლესია და დააარსა სახალხო სამკითხველო. უშურველად ზრუნავდა ირგვლივ ყველას ბედზე. საინგილოს სოფელ კახის ქალთა სკოლას, სადაც მისი ძმისშვილი სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილისა მოღვაწეობდა, ათეულობით ძვირფასი წიგნი შესწირა. პეტრე კონჭოშვილმა ანდერძშიც არ დაივიწყა მშობლიური სოფელი საბუე და იქ ეკლესიის ასაგებად 6 000 მანეთი დატოვა. მის ანდერძში საგანგებოდ გამოყოფილია თანხა სხვადასხვა ეროვნული საქმისთვის: მოსწავლეთა სტიპენდიებისთვის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის და ა.შ.  

     მამა პეტრე ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოებული გახლდათ სხვადასხვა ჯილდოებით: 1880 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1894 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს, ხოლო 1896 წლის 5 აგვისტოს სასწავლო დარგში გამოჩენილი ყურადღებისათვის ქართული "ბიბლიით" დაჯილდოვდა. 1898 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, დეკანოზი პეტრე ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით, იასამნისფერი კამილავკით, სამკერდე ოქროს ჯვრით, საგვერდულით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედლით, იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო ვერცხლის ჯვრით და 1897 წლის 2 მაისს  იმპერატორ მარიამის სახელზე მოჭრილი ასწლიანი საიუბილეო მედლით. 

     1905 წლის 6 ოქტომბერს უკვე მხცოვანი მოძღვარი წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.  მამა პეტრეს წმინდა სინოდისა და პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ანტონისათვის (ვადკოვსკი) პირადად უთხოვია, რომ გამონაკლისის სახით, ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე ეკურთხებინათ ეპისკოპოსად, მხოლოდ ანაფორის კურთხევით. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი). აღსანიშნავია, რომ სინოდისა და მიტროპოლიტის დიდი დათმობის მიუხედავად, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან სამი დღის შემდეგ (1905 წლის 16 ნოემბერს) მეუფე პეტრემ სამ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პეტიციას, რითაც ყველას მიანიშნა, რომ მიუხედავად ოფიციოზის კეთილგანწყობისა, იგი არ აპირებდა ქართული საქმის ღალატს. ეს აზრი მეუფემ ნათლად გამოხატა 1906 წელს გაზეთ
ცნობის ფურცელში" გამოქვეყნებულ განცხადებაში: "საღმრთო ვალად ვრაცხ, გამოვხატო საჯაროდ, წინაშე ქართველი ერისა, რომ მე გულითადი, მხურვალე მომხრე ვარ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისა". 

     1906 წელს მეუფე პეტრე დროებით ასრულებს იმერეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობას (ეპისკოპოს ლეონიდეს პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით). ქუთაისში ჩასვლისთანავე მეუფეს, პირველ რიგში, გუბერნატორისთვის მოუთხოვია, შეეწყვიტათ ქუთაისის აწიოკება და გადაწვა, რაც ახლად გაჩაღებულ რევოლუციას უკავშირდებოდა. იმერეთში ყოფნისას აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ მეუფემ პერსონალურად გასცა ნებართვა, დაბეჭდილიყო მელიტონ კელენჯერიძის პოლემიკური წიგნი – "სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ" (რუსულ ენაზე). ავტორმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და წიგნი დაიბეჭდა "ტონკმელისის" ფსევდონიმით. მთელი პასუხისმგებლობა წიგნზე, რომელშიც დასამარებული იყო რუსული ოფიციოზის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მეუფე პეტრემ აიღო თავის თავზე.

     1908 წელს მეუფემ კიდევ ერთ დიდ საქმეს შეასხა ხორცი. მან შეასწორა და საკუთარი სახსრებით გამოსცა დიდტანიანი ხუცურად ნაბეჭდი "სამღვდელმთავრო კონდაკი". წიგნის შესავალში ეპისკოპოსი პეტრე მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის იმხანად დეკანოზ კორნელი კეკელიძესა და მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს. 

     მეუფე პეტრე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული გალობის აღმდგენ კომიტეტთან, ახალი კრიტიკული გამოცემისათვის ასწორებდა ძველი აღთქმის ტექსტსაც, იყო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საოლქო სასწავლო საბჭოს თავჯდომარე. ეპისკოპოს პეტრეს შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია იერუსალიმსა და ათონზე მოგზაურობის წიგნი, რომელიც 1901 წელს დაიბეჭდა თბილისში და რომელსაც ახლდა წმინდა მიწის საილუსტრაციო 16 შესანიშნავი ლითოგრაფია. გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონთან (საძაგლიშვილი) მიწერილი მისი წერილები ცხადჰყოფს, რომ 1901 წლის შემდეგ მეუფე პეტრე ცდილობდა მეორედ, შევსებული სახით გამოეცა "მოგაზურობის" წიგნი, მაგრამ სამწუხაროდ, მის განზრახვას აღსრულება არ ეწერა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან რუსულიდან თარგმნა პ. სმირნოვის "მართლმადიდებელთა სახელმძღვანელო" ("კატეხიზმო"), რომელსაც ქართულ პრესაში დადებითი გამოეხმაურება მოჰყვა. 

     1907 წლის 6 აპრილს ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპისკოპოსად დაინიშნა. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა და ანდერძისამებრ ალავერდის ტაძარში დაასაფლავეს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1899)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1903 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1894 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, ქალთა ინსტიტუტი

გააზიარე: