The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პეტრე ივანეს ძე კოკოჩაშვილი

პეტრე ივანეს ძე კოკოჩაშვილი
ოფიციალური სახელი:პეტრე-პავლე ივანეს ძე კოკოჩაშვილი
დაბადების თარიღი:1832
გარდაცვ. თარიღი:1917  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, საფიჩხიას საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

   პეტრე-პავლე კოკოჩაშვილი დაიბადა 1832 წელს ქუთაიში. განათლება ქუთაისელ კათოლიკე პატრებთან მიიღო.

    საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მისიონერთა დიდი ნაწილი ღვთისმეტყველების გარდა დაუფლებული იყო აგრეთვე სააფთიაქო და სამკურნალო საქმეს, ხშირ შემთხვევებში ისინი ავადმყოფებს უფასოდ მკურნალობდნენ და ხალხში პატივისცემას იმსახურებდნენ; მკურნალობის და წამლების დამზადების ხელოვნებას ისინი ქუთაისის ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემდნენ. კათოლიკე პატრებისაგან ისწავლა საექიმო საქმე პეტრე კოკოჩაშვილის მამამ, ივანე კოკოჩაშვილმა, რომლის დამსახურებაა "ბოტანიკური ლექსიკონის" შედგენა ლათინურ, არაბულ, თურქულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

   პეტრე კათოლიკე ბერების მიერ ჩამოტანილი საექიმო და სააფთიაქო საქმის ცოდნის ერთგვარი მემკვიდრე იყო. კათოლიკე პატრებისგან შეისწავლა სამკურნალო მეცნიერება, წამლებისა და სამკურნალო ბალახების თვისება და სხვა. იგი შემდეგ დიდად განვითარდა საექიმო, სააფთიაქო და სავაჭრო ასპარეზზე. პეტრე, გარდა ქართულისა, შესანიშნავად ფლობდა ლათინურ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.

    პეტრე კოკოჩაშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ 1869 წელს ქუთაისში პირველი აფთიაქი გაიხსნა, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი იყო მთელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუჩას, სადაც აფთიაქი გაიხსნა, შემდგომში აფთიაქარის ქუჩა ეწოდა. იგი ყველა გაჭირვებულს მფარველობდა, უფასოდ მკურნალობდა, წამლებსაც უფასოდ ურიგებდა,

   პეტრე კოკოჩაშვილს სერიოზული კომერციული კავშირები ქონდა საერთაშორისო დონეზე და სხვადასხვა ფარმაცევტულ მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, კონსტანტინოპოლიდან, ბერლინიდან და ვენიდან.

   პეტრე კოკოჩაშვილმა ნალევე გააფართოვა თავისი საქმე და ერთმანეთის მიყოლებით გახსნა აფთიაქები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ტყიბულში, ბათუმში, უწერაში და ა.შ. გარდა აფთიაქისა მან ქუთაისში გახსნა სურნელოვან წყალთა ქარხანა.

    1890 წელს პეტრე კოკოჩაშვილმა ქუთაისში სააფთიაქო და ქირურგიული აპარატურის მაღაზია გახსნა, სადაც მისი შვილები - ლევანი, ივანე და ზაქარია პროვიზორები იყვნენ და საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქის ცხოვრებაში.

   1888 წელს ქუთაისის სახელმწიფო სათათბიროში 5 პროვიზორი იყო და მათგან ორი ლევან და ივანე კოკოჩაშვილები იყვნენ.

   პეტრე კოკოჩაშვილი გარდაიცვალა 1917 წელს და დაკრძალულია საფიჩხიას საგვარეულო სასაფლაოზე.

    2018 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქეებისა და ქალაქის სამედიცინო საზოგადოების მოთხოვნით ქუთაისის N8 აფთიაქს პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის სახელი მიენიჭა. თავისი უანგარობით, პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა იმერეთს და კერძოს ქუთაისს, სამაგალითო, კეთილი სამსახური გაუწია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)

გააზიარე: