The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე (გენერალ-მაიორი)

ზაქარია თევდორეს ძე ყიფშიძე
სხვა სახელი:შაქრო ფრონელი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1938  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    ზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს სოფელ საღოლაშენში, მღვდლის თევდორე ყიფშიძის ოჯახში. იმერეთიდან ქართლში ჩამოსახლებული ყიფშიძეები სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ, მაგრამ თევდორე მღვდელის ვაჟებმა საზოგადოებრივ-სამეცნიერო და სალიტერატურო მოღვაწეობის სფეროში დაიმკვიდრეს ადგილი და სახელიც გაითქვეს. მამის გზას ოთხიდან არც ერთი ვაჟიშვილი არ გაჰყვა…

    ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. საბოლოოდ მან სამხედრო გზა აირჩია და მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა.

    1894 წელს პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო, 1898-ში პორუჩიკის, 1902-ში შტაბსკაპიტანის, 1906-ში კაპიტნის, 1911 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1915 წელს წარჩინებისთვის პოლკოვნიკის ჩინი  მიანიჭეს.

    ზაქარია ყიფშიძემ საინტენდანტო კურსები პირველი თანრიგით დაამთავრა და გახლდათ კავკასიის მსროლელთა პირველი ბრიგადის ინტენდანტი. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ იაპონიის ომში და პირველ მსოფლიო ომში. სამხედრო-საინტენდანტო აკადემიის დამთავრების შემდეგ, დროდადრო, საკუთარ ნაწარმოებებსა  თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

    1905-1917 წლებში ყიფშიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს მაგიდის უფროსად.

    1918-1921 წლებში ზაქარია ყიფშიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად დაინიშნა, ხოლო 1920 წელს გენერლის წოდება მიანიჭეს. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით.

    1921 წელს გენერალი ყიფშიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ცხოვრობდა თბილისში. 

    ზაქარია ყიფშიძე გარდაიცვალა 1938 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი

გააზიარე: