The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მოსე ათანასეს ძე ქიქოძე

მოსე ათანასეს ძე ქიქოძე
დაბადების თარიღი:1842
გარდაცვ. თარიღი:1914  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ადვოკატი, იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

      მოსე ქიქოძე დაიბადა 1845 წელს გურიის სოფელ ბახვში.  მოსე გახლდით იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის უფროსი  ძმის, ათანასე მღვდლის შვილი.

   მოსე ქიქოძემ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  იგი გახლდათ 70-იანი წლების რადიკალ-დემოკრატიული მიმართულების მოწინავე და თავისუფალი მოაზროვნე.

    1869-1872 წლებში მოსე ქიქოძე ჟურნალ „მნათობის“ აქტიური თანამშრომელი იყო და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა სხვადასხვა თემებზე. იგი თვლიდა, რომ ქართველმა ხალხმა შესაძლებელია თავისი ყოფა-ცხოვრება გაიუმჯობესოს და ეს მხოლოდ შრომის თავისუფლებითა და მისი განმტკიცებით შეიძლებაო: „შრომა მაშინ არის ნაყოფიერი, როდესაც მუშა დარწმუნებულია, რომ თავისი ნაშრომით თვითონვე ისარგებლებს“. იგი მოითხოვდა გლეხებისთვის მიწების დარიგებას და პროლეტარიატის საქმის მოწესრიგებას: „ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება, რომ სიღარიბის აცილებას ახლავე შევუდგეთ“. საქართველოში სამრეწველო კაპიტალიზმის დაწყება სასარგებლოდ მიაჩნდა, მაგრამ ამას კოოპერატიული ხასიათი უნდა ჰქონდესო. მოითხოვდა სასოფლო მეურნეობის განვითარებას, გზების გაყვანას და მრეწველობის განვითარებას. მისი აზრით, საზოგადოებრივი ჭირი იქიდან წარმოსდგება, როდესაც „ერთი მეტად მდიდრდება, მეორეს კი მეტად ნაკლები აქვს, ერთმა არ იცის რა უყოს თავის სიმდიდრეს და მაინც იმასვე მიელტვის, მეორეს კი არა აქვს საუნჯე ლუკმა“.

    მოსე ქიქოძე ჰგმობდა დედაენის დავიწყებას: „თუ კაცმა თავდაპირველად თავის სამშობლო ენა არ შეისწავლა, სხვა ენის შესწავლა მეტად ძნელი არისო“, ამიტომაც გაილაშქრა თვითმპყრობელობის იმ უკუღმართობის წინააღმდეგ, რომელიც ქართველობას გარუსების გზაზე აყენებდა და სამშობლო ენას ავიწყებინებდა. მას ხშირად და ბევრ საკითხზე ეკამათებოდა ნიკო ნიკოლაძე, რასაც ქიქოძე სასტიკი კილოთი სცემდა პასუხს.

   1880-იანი წლებიდან მოსე ქიქოძე ქართული სცენის და საერთოდ, კულტურული საქმიანობის აღორძინების ხელისშემწყობი იყო. ბოლო ხანს მწერლობას ჩამოეცალა და ვექილობას მიჰყო ხელი, რაშიც თავი ისახელა კიდეც. თავის სიტყვებში ხშირად გაბედულად ესარჩლებოდა დევნილ-შევიწროებულთ, უმეტესად სხვადასხვა ეროვნების დაჩაგრულებს და მათი გამოსარჩლებისათვის პასუხისგებაში მიცემულებს იცავდა.

    1892 წელს ვექილი მოსე ქიქოძე ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

    1901 წელს ქუთაისში ჩამოვიდა რუსული დასი ს. ლიტვინისა და ვ. კრილოვის პიესით "კონტრაბანდისტები", რომლის შინაარსი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელმაც ხალხის პროტესტი გამოიწვია. ქუჩაში აუარება ხალხი შეიკრიბა ანტისემიტური სპექტაკლის გასაპროტესტებლად. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა და ერთ ღამეში 200-მდე ადამიანი დააკავეს. სასამართლო პროცესზე, რომელსაც პრესაში გულშემატკივრები „სტუდენტთა საქმეს“ უწოდებდნენ, დაზარალებულთა დამცველად გამოდიოდა მოსე ქიქოძე. იგი დაცვის სიტყვაში უპირველესად სპექტაკლის ანტისემიტურ შინაარსზე და ებრაელთა შეურაცხყოფაზე საუბრობდა. მისი აზრით,  ლიტვინოვის და კრილოვის პიესის  მიზანი იყო „სიძულვილის თესვა და საზოგადოების წევრთა გადაკიდება, სადაც მთელი ერია გალანძღული და დამცირებული“. 1901 წლის სასამართლო პროცესზე მოსე ქიქოძემ შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა: „სიმპატიური პროტესტი, ადამიანური გრძნობით გამოწვეული, დასასჯელი კი არა, საქები უნდა იყოს.  არეულობის სახელი ასეთს პროტესტს კი არ უნდა დავარქვათ, არამედ იმისთანა პიესის წარმოდგენას, როგორიც არის „შვილნი ისრაელისა“. აი, ამგვარი კეთილშობილური გრძნობით იყვენენ სტუდენტები გამსჭვალულნი და ატაცებული, როდესაც ისინი თეატრში უკმაყოფილებას აცხადებდნენ“.

     1900-იან წლებში მოსე ქიქოძე სოციალ-ფედერალისტების პარტიას მიემხრო.  რეაქციის წლებში მეფის მთავრობამ პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში ჩასვა. 1912 წელს სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ, მისი კანდიდატურა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად წამოაყენა.

    1912 წელს მოსე ქიქოძე უკვე ნაფიცი ვექილი იყო. ამავე წელს იგი ქუთაისის წვრილ მემამულეთა არჩევნებში მონაწილეობდა.

    მოსე ქიქოძე გახლდათ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის პირველი თავმჯდომარე, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ქუთაისში აკაკის საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე.

    მოსე ქიქოძე გარდაიცვალა 1914 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: