The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



შალვა გრიგოლის ძე ქართველიშვილი

შალვა გრიგოლის ძე ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1937  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, მხატვარი

ბიოგრაფია

   შალვა ქართველიშვილი დაიბადა 1890 წელს ლიზა გრიგოლის ასული ქართველიშვილის ოჯახში. იგი გახლდათ ივანე მაჩაბელის უკანონო შვილი. მამის სახელად დედამ შვილს ბაბუის სახელი - გრიგოლი მისცა. ლიზა თელავში მასწავლებლად მუშაობდა. მამამ ბავშვის დაბადების შემდეგ იგი სახლიდან დაითხოვა და ახალგაზრდა ქალი პატარა შვილთან ერთად  ვახვახიშვილებთან გადასულა საცხოვრებლად და დედა-შვილი მთელი ცხოვრება მათი მადლიერები ყოფილან. ლიზამ საუკეთესო განათლება მისცა შვილს.

   1909 წელს შალვა ქართველიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ვექილად დაიწყო მუშაობა. ამ პროფესიის არჩევას, როგორც აღნიშნავენ, წინაპირობად უძღოდა ის ფაქტი, რომ იგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული ყოფილა ივანე მაჩაბლის გაუჩინარებული კვალის ძიებით და ილიასა და ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობების დეტალებში გარკვევით. ცნობილია, რომ მან მრავალ საინტერესო მასალასაც მიაკვლია, თუმცა 1937 წელს ეს მასალები გაუჩინარდა. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მნიშვნელოვანი დეტალები სწორედ შალვა ქართველიშვილმა გამოიტანა სააშკარაოზე. რატომ ჩამოიშორეს გზიდან შალვა ქართველიშვილი და რა „საშიშ“ ინფორმაციებს ფლობდა იგი, ეს საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა.

   შალვა ქართველიშვილი გარდა იურისტობისა იყო პუბლიცისტი, მხატვარი და მთარგმნელი. ელენე ახვლედიანი იგონებდა, რომ ხატვაში მისი პირველი მასწავლებელი შალვა ქართველიშვილი იყო, რომელიც მის მამასთან მეგობრობდა.

   შალვა ქართველიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს. კოტე მარჯანიშვილმა მის მიერ თარგმნილი პუშკინის ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლი დადგა.

   შალვა ქართველიშვილი გახლდათ ელენე დარიანის მეუღლე, მაგრამ მათ შვილი არ დარჩენიათ.

   შალვა ქართველიშვილი, როგორც იცით, თელავში ვახვახიშვილების ოჯახში და მათი მეურვეობით იზრდებოდა. სწორედ ამ ოჯახის მეშვეობით მოახერხა შალვამ თავის და-ძმასთან, ივანე მაჩაბელის შვილებთან დაახლოება. ივანეს მაჩაბელის ქალიშვილი ელენე ცოლად გაჰყვა დარია ვახვახიშვილის შვილს ივანე ჩერქეზიშვილს, რომელიც შალვას უახლოესი მეგობარი იყო.

   1937 წელს შალვა ქართველიშვილი დააპატიმრეს და იმავე წელს, სასტიკად ნაწამები, ციხეში ისე გარდაიცვალა, რომ მისი საფლავიც კი არ არსებობს, ისევე, როგორ ივანე მაჩაბელის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)

გააზიარე: