The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნინო ბესარიონის ასული კელენჯერიძე

ნინო ბესარიონის ასული კელენჯერიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1892  (131 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნინო კელენჯერიძე დაიბადა 1892 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ ზესტაფონში, პედაგოგის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამისგან მიიღო და 1903 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში ჩააბარა, რომელიც 1909 წელს სპეციალური პედაგოგიური კლასით დაამთავრა.

   1910 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო კურსებზე სწავლობდა, ხოლო 1913-1916 წლებში სწავლა იქვე, უცხო ენების პედაგოგიურ კურსებზე გააგრძელა.

   1909 წლიდან ზესტაფონის სამრევლო სკოლაში მამის ხელმძღვანელობით დაიწყო მასწავლებლობა.

   1909 წლიდან ნინო კელენჯერიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ზესტაფონის განყოფილების წევრი, ხოლო 1913 წლიდან ყვირილას განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. იგი სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა საქარის სანერგის მუშებს ზესტაფონის საკვირაო სკოლაში.

   1916 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თავისივე მამის თაოსნობით, ზესტაფონის ინტელიგენციის მიერ შექმნილ გიმნაზიების დამაარსებელ „სამზრუნველო საბჭოში“, რომელმაც ზესტაფონში ორი გიმნაზია გახსნა - ქალთა და ვაჟთა.

    1916 წლიდან ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მოღვაწეობდა, 1917-1922 წლებში ისევ ზესტაფონში, ხოლო 1922 წლიდან თბილისში ამიერ-კავკასიის კავშირგაბმულობისა და მე-13 ტექნიკუმებში მუშაობდა. პარალელურად ასწავლიდა  26-ე სკოლაში.

   ნინო კელენჯერიძე სხვადასხვა დროს პედაგოგად მუშაობდა ხორცის მრეწველობის კომბინატთან არსებულ საქარხნო-საფაბრიკო სკოლაში,  მუშათა ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსებზე, ზოოვეტერინალურ ტექნიკუმში, პუშკინის სახ. პედტექნიკუმში, ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში, თბილისის სომხებისა და აზერბაიჯანელების სამასწავლებლო ინსტიტუტში, 35-ე სკოლაში. მუშაობდა კინო-ლექტორადაც და ასწავლიდა ქართულ, რუსულსა და ფრანგულ ენებს, ასევე არითმეტიკასა და გეოგრაფიას.

   ნინო კელენჯერიძე, გარდა მასწავლებლობისა მონაწილეობდა სასკოლო-საზოგადოებრივ მუშაობაში პროგრამების დამუშავებით, რეცენზირებით, მოხსენებებით საქალაქო კონფერენციებზე. დასაქმებული იყო განსახკომის მეთოდურ სექტორში და ხშირად იწვევდნენ თბილისის სკოლებში გეოგრაფიის სწავლების დონის გამოსარკვევად. არჩეული იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებისა და მასთან არსებული მეთოდსექტორის წევრად, ასევე გაზეთ „საბჭოთა მასწავლებლის“ კორესპონდენტად და  დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის გეოგრაფიის სამეცნიერო კაბინეტის მეცნიერ-კორესპონდენტად.

    ნინო კელენჯერიძის მუშაობის მეთოდების შესახებ ხშირად იწერებოდა გაზეთებში და თავადაც აქვეყნებდა ამ თემებზე მეთოდურ პუბლიკაციებს: „აღმზრდელობითი მუშაობა გეოგრაფიის სწავლების დროს“, „ჩემი გამოცდილება ხატვა-ხაზვის გამოყენების საქმეში გეოგრაფიის სწავლების დროს“, „საბჭოთა პატრიოტიზმის აღზრდა ფიზიკური გეოგრაფიის გაკვეთილზე მე-6 კლასში“ და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა და მოხსენებებითაც გამოდიოდა მეცნიერულ-პედაგოგიურ კონფერენციებზე.

   პედაგოგიურ და საზოგადო ასპარეზზე ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. პედინსტიტუტმა, თბილისის საბჭოს განათლების გაყოფილების ცენტრალურმა პედაგოგიურმა კაბინეტმა და სკოლამ ნინო  კელენჯერიძეს წარჩინებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და დაჯილდოებული იყო მედლით „მამაცი შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წარჩინებული პედაგოგი
  • მედალი „მამაცი შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ“

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: