The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ფილიმონ პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი

ფილიმონ პოლიევქტოსის ძე კარბელაშვილი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1930  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გურჯაანი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ფილიმონ კარბელაშვილი  დაიბადა 1879 წელს თელავის მაზრის სოფელ გურჯაანში მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები გამორჩეული სასულიერო პირები იყვნენ. ბაბუა გახლდათ ცნობილი მგალობელი და საეკლესიო მოღვაწე მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი, ქართული გალობის უბადლო მცოდნე, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა გალობას ჯერ ბოდბის მონასტერში არსებულ სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იყო. ერთ-ერთი ბიძა - მღვდელი ფილიმონი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, და ზუსტად მის საპატივცემულად დაარქვეს მას ეს სახელიც. ასეთ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი, არც შეიძლებოდა, რომ თავადაც სასულიერო გზას არ დადგომოდა.

   პატარა ფილიმონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ 1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

   1901 წელს ფილიმონ კარბელაშვილი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის, მართლწერისა და ხაზვის მასწავლებლად დანიშნეს.

   1903 წლის 15 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხედრო კაპელანად განამწესეს. მამა ფილიმონი თურქესტანის N19 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.

    1917 წელს კამილავკით დაჯილდოვდა და ამავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. მსახურობდა თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში. 

   მღვდელი ფილიმონი, რომელსაც ნიმუშს ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისათვის, ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და-ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანა. შემორჩენილია მამა ფილიმონის რამდენიმე ქადაგება, რომელიც მან სხვადსხვა წლებში წარმოსთქვა.  

   ნიკო მესხიშვილის საშუალებით მღვდელი ფილიმონი გაუცვნია ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც ძალიან მოსწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი.

    ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში“, მოძღვრის სახეში სწორედ ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი.

   ფილიმონ კარბელაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საეკლესიო მსახურება მიატოვა და საერო ცხოვრებას მიჰყო ხელი.

   მღვდელი ფილიმონი 1930 წლის 23 მაისს სწრაფი სარკომით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ყოფილ მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი 25 მაისს ქალაქ გურჯაანში დაასაფლავეს. 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: