The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აკაკი ნესტორის ძე ფაღავა

აკაკი ნესტორის ძე ფაღავა
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1887
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1962  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    აკაკი ფაღავა დაიბადა 1887 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნახუნავოში. დაწყებითი განათლება მიიღო სენაკში და სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1908 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა რუსული ენისა და სიტყვიერების ფაკულტეტზე. პარალელურად მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სარეჟისოროს განხრით სწავლობდა, რომლის კურსის დასრულების შემდეგ სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა და მალე სამხატვრო თეატრის კოლეგიის წევრადაც შეიყვანეს.

   1908 წელს, 21 წლის აკაკი ფაღავამ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართული თეატრი“, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია.

   1915 წელს აკაკი ფაღავა სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მ,ასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ, რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში და მთელ ენერგიას ახმარდა მისი განვითარების საქმეს. ამ დროისათვის საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, მაგრამ ახალგაზრდა ხელოვანი სიძნელეებს არ შეუშინდა. 1920 წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი და სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა. იქიდან დაბრუნებულები ძალით შეირნენ არტისტული საზოგადოების შენობაში და რუსული თეატრი „ტარტოს“ სპექტაკლების პარალელურად ქართული წარმოდგენების გამართვას შეუდგნენ.

   1922 წელს აკაკი ფაღავამ თბილისში საფუძველი ჩაუყარა თეატრალურ სტუდიას, რომელსაც 1924 წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა და რომელიც 1939 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ღვაწლმოსილი რეჟისორი სიცოცხლის ბოლომდე ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ 1924 წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს. მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი.

   1962 წელს აკაკი ფაღავას რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენითა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

   აკაკი ფაღავა გარდაიცვალა 1962 წლის 27 ივნისს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - რესპუბლიკის სახალხო არტისტი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: