The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი

ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1842
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1908  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:სოციოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

    ვასილ პეტრიაშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ წალასყურში სასულიერო პირის ოჯახში. დედა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად მამამ იკისრა, რომელიც ამავე სოფლის მღვდელი იყო და რომელიც საკმაოდ მწიგნობარი და განათლებული პიროვნება ყოფილა. 11 წლის ასაკში მამამ თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა, სადაც მისი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი ყოფილა, რომელმაც მალევე დაიახლოვა ნიჭიერი მოწაფე.

    სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვასომ სწავლა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში გააგრძელა. თავდაპირველად იგი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა მალევე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე გადავიდა, რომელიც 1870 წელს დაამთავრა და იგი უნივერსიტეტში ტექნიკური ქიმიის კათედრის ლაბორანტად დატოვეს. 1873 წელს ვასილ პეტრიაშვილი ბონში, სახელგანთქმული მეცნიერის, გერმანელი ქიმიკოსის ფ. კეკულეს ლაბორატორიაში მიავლინეს, სადაც 1874 წელს სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა.

   1875 წელს ვასილ პეტრიაშვილი კათედრის დოცენტად აირჩიეს, ხოლო 1877 წელს ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიაში. იგი ტექნიკური ქიმიის კურსს 35 წლის განმავლობაში უძღვებოდა და ასევე მუშაობდა ანალიზური ქიმიის, ორგანული და ფიზიკური ქიმიის საკითხებზე. 1878-1881 წლებში იგი მივლინებით სორბონის უნივერსიტეტში მუშაობდა და 1881 წელს არჩეული იქნა ორდინალურ პროფესორად.

   1881 წელს ვასილ პეტრიაშვილი დაქორწინდა ეკატერინე თავდგირიძეზე, რომელიც მან პარიზში გაიცნო და რომელიც გახლდათ პოეტ მამია გურიელის დისწული. სწორედ ამ ოჯახში გაიცნო აკაკიმ ვასილ პეტრიაშვილი, რომელმაც ოდესაში მის საცხოვრებელს „ზღვისპირა პატარა საქართველო“  უწოდა. ამ ოჯახში გამოულევლად იკრიბებოდნენ საქართველოდან ჩამოსული სტუმრები, იმართებოდა საინტერესო წვეულებები, შეხვედრები და საუბრები. მათი ოჯახის წევრად ითვლებოდა პეტრე მელიქიშვილი. 

  1902 წელს პეტრიაშვილს დამსახურებული პროფესორის ხარისხი მიენიჭა. ამავე 1902 წელს იგი კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოებამ საპატიო წევრად აირჩია. პროფესორ სერგი ავალიანის აზრით, „ვ. პეტრიაშვილმა პირველად შეიტანა ქართულ ენაში მტკიცე, მეცნიერული ნომენკლატურა და შექმნა ახალი, ტექნიკური საბუნებისმეტყველო მეცნიერული ენა. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ საზოგადოებაში მეცნიერულ აზროვნებას“, ხოლო მენდელეევი ახალგაზრდა მეცნიერებიდან ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მეცნიერად მიიჩნევდა. 

   1905 წელს ვასილ პეტრიაშვილი არჩეული იქნა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, ხოლო 1907 წელს უნივერსიტეტის რექტორად იქნა დანიშნული. მისივე წარდგინებით, დეკანად მუშაობა დაიწყო მისმა მოწაფემ და ერთგულმა მეგობარმა პეტრე მელიქიშვილმა.

    ვასო პეტრიაშვილი სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში აქვეყნებდა საინტერესო წერილებს. მისი შრომები მეტად პოპულარული იყო როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში.

   ვასილ პეტრიაშვილი, მიუხედავად თავისი უცხოეთში მოღვაწეობისა, არასდროს არ ივიწყებდა სამშობლოს. ქართულ პრესაში ბეჭდავდა სხვადასხვა ხასიათის წერილებსა და ნაწარმოებებს, მათ შორის ბელეტრისტულსაც. გაზეთ „მოამბეში“ ხშირად იბეჭდებოდა მისი წერილები „ღვინის დაყენება“, „რძე და მისი გამოყენება“, „ლუი პასტერის ღვაწლი ღვინის დაყენებაში“, „ვაზი, მისი მოშენება და მოვლა“ და სხვა. მას მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული მეღვინეობასა და მევენახეობაში, რომლებიც შემდგომში საფუძველი გახდა კაპიტალური სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში.

   პეტრიაშვილი მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძესთან და კონსულტაციებს უწევდა მას სოფლის მეურნეობის საკითხების მეცნიერულად გადაწყვეტის საქმეში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში მევენახეობის განვითარებასა და მის ტრადიციებს. გარდა ნიკოლაძისა იგი მეგობრობდა ილიასა და აკაკისთან, მასთან  მეგობრობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, ივანე მესხი, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი გამოჩენილი მწერლები და მოღვაწეები.

   ვასილ პეტრიაშვილი, მიუხედავად თავისი პროფესიისა, დიდ ყურადღებას უთმობდა ენის საკითხებს. მისი აზრით, აუცილებელი იყო ბავშვებს პირველად ჯერ თავიანთი ენა ესწავლათ, მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ მიღებული განათლების საფუძველი და მერე არც სხვა ენებზე სწავლა არ გაუჭირდებოდათ, თორემ, მისი სიტყვებით – „ყველგან ისე მომხდარა, თუ ყმაწვილი პირველადვე უცხო ენაზე იწყებს სწავლასა, იმისგან ხეირი არასდროს გამოსულა“.

    ვასილ პეტრიაშვილი, ჯერ კიდევ ენერგიით სავსე, 1908 წელს კარლსბადში (კარლოვი ვარი) ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. კარლსბადიდან მისი ნეშტი ოდესაში გადმოასვენეს, შემდეგ თბილისში და დიდი პატივით დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, ხოლო მოგვიანებით ვაკის სასაფლაოზე გადმოასვენეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

გააზიარე: