The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით დავითის ძე პარკაძე

დავით დავითის ძე პარკაძე
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1951  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, მათემატიკოსი

ბიოგრაფია

    დავით პარკაძე დაიბადა 1882 წელს გორის მაზრის სოფელ ქვემოჭალაში. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ამიტომ თბილისის ქართული გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს. პანსიონში იგი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხარჯზე იზრდებოდა. იმ პერიოდში გიმნაზიას სიმწიფის მოწმობის გაცემის უფლება არ ჰქონდა და დავითმა ექსტერნის წესით სახელმწიფო გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები. 1905 წელს გიმნაზიის წარმატებით დამთავრების შემდეგ იგი ოდესაში გაემგზავრა და უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო–მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტთა არალეგალური კრებების ორგანიზაციასა და დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დავითი პირველი კურსიდანვე გარიცხეს ოდესის უნივერსიტეტიდან და სამშობლოში დააბრუნეს. მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციისთვის სამშობლოში დაბრუნებული დავით პარკაძე  5 წლით ტობოლსკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც მასთან ერთად გადასახლებულ ქართველ გლეხებს წერა–კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა. გადასახლებიდან დავითი ავადმყოფობის გამო რამდენიმე თვეში უკანვე დააბრუნეს.

    1906 წელს დავითმა ოდესის უნივერსიტეტში თავი აღიდგინა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს სახელმწიფო გიმნაზიაში მუშაობის უფლება არ მისცეს და იძულებული იყო ერთი წელი სურამის კერძო პროგიმნაზიაში მასწავლებლად ემუშავა.

   1911 წლიდან დავით პარკაძე მიიწვიეს იმ გიმნაზიაში, რომელშიც ადრე თვითონ სწავლობდა. აქ იგი 1924 წლამდე მათემატიკას ასწავლიდა. 1910–1916 წლებში სახალხო უნივერსიტეტში დავითი უსასყიდლოდ ამეცადინებდა თბილისის მუშებს, ხოლო ქართულ გიმნაზიაში დამლაგებლებსა და დარაჯებს წერა–კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა, ათვითცნობიერებდა პოლიტიკურად.  1918 წლიდან დავითი პარალელურად თბილისის ჰუმანიტარული ტექნიკუმში მასწავლებლად მუშაობდა.

   დავით პარკაძე არ იყო მხოლოდ მასწავლებელი, იგი ახალგაზრდობიდანვე საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1914 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. 1919 წელს დავით პარკაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მასწავლებელთა კოოპერატივი. 

     დავით პარკაძე თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ვაქირში, ბათუმის პედაგოგირ ინსტოტუტში, თბილისის ქალთა მე–5 და ვაჟთა მე–7 სკოლებში...

    1948 წელს დავითი არჩეული იქნა მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1950 წელს იგი საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად დაინიშნა.

    თავისი მდიდარი პრაქტიკულ–პედაგოგიური გამოცდილება მან საფუძვლად დაუდო იმ სახელმძღვანელოებსა და მეთოდურ შრომებს, რომლებიც მის კალამს ეკუთვნის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭო, საბჭოს დეპუტატი (1948-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი
  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: